ხატია დეკანოიძე - ვრჩები პარტიაში, ფრაქციაში და არსად წასვლას არ ვაპირებ
ხატია დეკანოიძე - ვრჩები პარტიაში, ფრაქციაში და არსად წასვლას არ ვაპირებ

ვრჩები პარტიაში, ფრაქციაში და არსად წასვლას არ ვაპირებ, – ამის შესახებ ფრაქცია „ნაციონალური მოძრაობის“ ყოფილმა თავმჯდომარემ, ხატია დეკანოიძემ საქართველოს პირველი არხის გადაცემაში „დღის თემა“ განაცხადა.

„საქმიანობა, რომელიც ძალიან მნიშვნელოვანი იყო ჩვენი ფრაქციისთვის, გაგრძელდება ჩემ მიერ. ამას ჩემთვის ნამდვილად არ განსაზღვრავს თანამდებობა. გაცილებით მაღალი თანამდებობებიდან გადავმდგარვარ. ამიტომ, ვფიქრობ, გადაწყვეტილება, რომელიც მივიღე, რა თქმა უნდა, არ შეიცვლება“, – განაცხადა დეკანოიძემ.

მისი თქმით, ფრაქციის იდეალური თავმჯდომარე ლევან ბეჟაშვილი იქნება, რადგან მან ძალიან კარგად იცის საპარლამენტო მუშაობა, იყო ფრაქციის თავმჯდომარის პირველი მოადგილე და ლოგიკური იქნება, მან გააგრძელოს ფრაქციის თავმჯდომარის პოსტზე საქმიანობა.

გადაცემის წამყვანის შეკითხვაზე, რამდენად სწორი იყო ის, რომ ლევან ხაბეიშვილმა ხელისუფლებას პარლამენტიდან და საკრებულოებიდან გასვლის სანაცვლოდ მიხეილ სააკაშვილის გათავისუფლების პირობა მასთან შეუთანხმებლად წაუყენა, ხატია დეკანოიძემ განაცხადა, რომ ნებისმიერი ასეთი განცხადება, რომელიც შესაძლოა, პარტიისთვის ამ ძალიან რთულ პერიოდში რაღაცნაირად გამყოფი აღმოჩნდეს, რა თქმა უნდა, კონენსუსით უნდა იქნას მიღწეული.

„მაგალითად, წარმოუდგენელია, მე ერთპიროვნულად ვიღებდე გადაწყვეტილებას ფრაქციაში. რატომღაც იყო ასევე მოსაზრებები, თითქოს ფრაქციას, ადამიანებს რაღაცნაირად ვაკავებ, მაგრამ არა, ეს არის კოლეგიალური ორგანო“, – განაცხადა დეკანოიძემ.

თამთა სანიკიძის შეკითხვაზე, განიხილავს თუ არა პარტიის დატოვებას იმ შემთხვევაში, თუ საპარლამენტო ბოიკოტის გადაწყვეტილება მიიღება, ხატია დეკანოიძემ განაცხადა, რომ პარტიის დატოვებას არცერთ კონტექსტში არ განიხილავს.

„არ მგონია. პარტიის დატოვებას, რა თქმა უნდა, არ განვიხილავ არცერთ კონტექსტში. იმიტომ, რომ პარტიის დატოვება ცოტა უფრო სხვა რამ არის“, – განაცხადა დეკანოიძემ.

შეკითხვაზე, იზიარებს თუ არა ნიკა მელიას მხარდამჭერ ლიდერთა განცხადებებს იმის შესახებ, რომ ლევან ხაბეიშვილის გამარჯვებით პარტიაზე ყოფილი ძალოვნების, მერაბიშვილ-კეზერაშვილის გავლენები აღდგა და აქვს თუ არა მასაც ეჭვები ხაბეიშვილის, როგორც დამოუკიდებლად მოქმედი ფიგურის მიმართ, ხატია დეკანოიძემ აღნიშნა, რომ ამ ყველაფერს დრო გამოაჩენს.

„ლევანს, როგორც ახალ თავმჯდომარეს, რომლის წარმატებაც მნიშვნელოვანია პარტიისთვის, რა თქმა უნდა, ყოველდღიურ რეჟიმში, პირველ რიგში, საკუთარი ამომრჩევლისთვის და „ნაციონალური მოძრაობის“ ამომრჩევლისთვის, საზოგადოებისთვის მოუწევს იმის ჩვენება, რომ ის მართავს ნამდვილად სამართლიანად, ნამდვილად დამოუკიდებლად და აქვს სერიოზული გეგმები პარტიასთან მიმართებაში. ამ ყველაფერს დრო გამოაჩენს“, – განაცხადა დეკანოიძემ.

თამთა სანიკიძის შეკითხვაზე, იზიარებს თუ არა მელიას მისამართით წაყენებულ პრეტენზიებს მიხეილ სააკაშვილის გათავისუფლების თემაზე პასიურობასა და აქციების დაშლასთან დაკავშირებით, დეკანოიძემ თქვა, რომ ის თავად იყო ამ აქციების მონაწილე და აქციების დაშლასთან დაკავშირებით ამ მოსაზრებებს ნამდვილად არ იზიარებს.

ფრაქცია „ნაციონალური მოძრაობის“ ყოფილმა თავმჯდომარემ ასევე განაცხადა, რომ მთავარია მიხეილ სააკაშვილის საკითხის გადაწყვეტა, ხელისუფლებიდან არაფორმალური მმართველობის ჩამოშორება, მართლმსაჯულების სახით პოლიტიკური ეგზეკუციის მოშორება და ამისთვის პარტია უნდა გაძლიერდეს.

ამასთან, დეკანოიძემ აღნიშნა, რომ ამ ეტაპზე არსებულ პოლიტიკურ ლანდშაფტში ხელოვნურად შექმნილი კოალიციების და გაერთიანებების ნაკლებად სჯერა, თუმცა კოალიციური მმართველობა უნდა იყოს ქვეყნის მომავალი მმართველობა.