ხატია დეკანოიძე - ალეკო ელისაშვილს მოვუწოდებ, ვაჭრობის თემები დავხუროთ
ხატია დეკანოიძე - ალეკო ელისაშვილს მოვუწოდებ, ვაჭრობის თემები დავხუროთ

„ნაციონალურ მოძრაობასთან“ და ჩვენს ბლოკთან არავითარი კონსულტაციები „ქართულ ოცნებას“ არ ჰქონია. ჩვენ ცალკე არ დაველაპარაკებით „ქართულ ოცნებას“ იმ ფორმატის გარდა, რომელიც დღეს არსებობს. არ მომისმენია რომელიმე ოპოზიციური პარტიისგან, რომ მათ ჰქონოდათ ცალკე კონსულტაცია, ორ პარტიაზე მაქვს მეტნაკლებად წარმოდგენა, ეს არის ბატონი ელისაშვილის პარტია და გირჩის ე.წ. პირველი განაყოფი, თუმცა დადასტურებულად ესეც არ ვიცი, – ამის შესახებ „ნაციონალური მოძრაობის“ წევრმა, ხატია დეკანოიძემ განაცხადა.

„ჩვენ გვაქვს ოპოზიციური ძალიან მძლავრი პლატფორმა, რომელიც არის უაღრესად მძლავრი იარაღი და ბერკეტი ჩვენს ხელში ივანიშვილის წინააღმდეგ, ეს უნდა გვახსოვდეს ჩვენ და ყოველთვის როდესაც ვსაუბრობთ იმაზე, რომ რაღაც ცალკეული პოზიციები განვიხილოთ ან ცალკეული წინადადებები წამოვაყენოთ, უნდა გვახსოვდეს და ფრთხილად ვიყოთ, არ მოირღვეს ეს ოპოზიციური ერთობა. ამ შემთხვევაში მე ვერ ვხედავ რაიმე სახის საშიშროებას, რომ ეს ერთობა დაირღვევა, იმიტომ რომ ბოიკოტი გრძელდება, პარლამენტში არავინ შედის, ჩვენ უარი ვთქვით სადეპუტატო მანდატებზე, ამიტომ მე ვერ ვხედავ ოპოზიციური ერთობის მორღვევას“, – განაცხადა დეკანოიძემ.

მისივე თქმით, ყველა პოლიტიკური პარტია უნდა მოუფრთხილდეს ოპოზიციურ ერთობას.

„ყველა პოლიტიკური პარტია უნდა გავუფრთხილდეთ ამ ერთობას, მათ შორის ის ადამიანები, რომლებმაც აღმოაჩინეს ორი კობახიძე, რომლებიც თითქოს აღმატებით საუბრობენ კობახიძეზე, ისინიც კი არ მემეტებიან საპარლამენტო საქმიანობისთვის და ამ პარლამენტში შესვლისთვის. ყველას უნდა ესმოდეს, რომ ვინც ამ პარლამნეტში შევა და მიანიჭებს ლეგიტიმაციას ივანიშვილის პარლამენტს, თვითონ დაკარგავს ლეგიტიმაციას საქართველოს ამომრჩეველში. რაც შეეხება ელისაშვილს, ეს არის ვაჭრობა ივანიშვილთან და ყოველგვარი ვაჭრობის თემა ივანიშვილთან ჩვენ უნდა დავხუროთ. მოვუწოდებ ალეკო ელისაშვილს, რომ ასეთი ვაჭრობის თემები დავხუროთ, იმიტომ რომ ეს ახდენს დისკრედიტაციას იმ იდეის, რასაც ჰქვია გაყალბება არჩევნების და თავისუფლებისთვის ბრძოლა“, – განაცხადა დეკანოიძემ.