ხატია დეკანოიძე - ვართ მობილიზებული გამარჯვებისთვის, სხვა სტრატეგია არ განიხილება
ხატია დეკანოიძე - ვართ მობილიზებული გამარჯვებისთვის, სხვა სტრატეგია არ განიხილება

ყველა, ვინც საარჩევნო კამპანიაში ვართ ჩართული, ვართ ძალიან მობილიზებული, გამარჯვებისთვის, – ამის შესახებ „ნაციონალური მოძრაობის“ მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატმა ხატია დეკანოიძემ განაცხადა.

აღნიშნული კომენტარით მან უპასუხა მასობრივი მობილიზაციის შესახებ მიხეილ სააკაშვილის პოსტთან დაკავშირებით დასმულ კითხვას, „რა მობილიზაციაზეა საუბარი და რისთვის ემზადება „ნაციონალური მოძრაობა“.

„გამარჯვებისთვის, დღევანდელი ფაქტიც ასახავს იმას, რომ ძალიან ეშინია „ქართულ ოცნებას“ და ცდილობს, ჩვენი შტაბიდან გაიგოს, რა სტრატეგია გვაქვს. ჩვენი სტრატეგია არის გამარჯვება და გამარჯვება. ეს იქნება ჩვენი ხმების დაცვა, საუბნო საარჩევნო კომისიების დაცვა, აუცილებლად გამოვააშკარავებთ ყველა კანონდარღვევას, მათ შორის საარჩევნო დღეს და მანამდე. მობილიზაცია ნიშნავს იმას, რომ დიახ, ყველანი ძალიან მობილიზებულები ვართ თავიდან ბოლომდე, არა მარტო კანდიდატები, არამედ ვინც ჩართულია ამ კამპანიაში, ამიტომ ეს არის მხოლოდ და მხოლოდ გამარჯვება“, – განაცხადა ხატია დეკანოიძემ.

რაც შეეხება კითხვას, იგეგმება თუ არა არჩევნების შემდეგ აქციებისთვის ხალხის მობილიზება, დეკანოიძე პასუხობს, რომ არა, ვინაიდან გამარჯვების გარდა სხვა სტრატეგია არ განიხილება და მათ მხოლოდ ხმების დაცვა სჭირდებათ.

„არა, ჩვენ ძალიან მარტივად და გულისხმიერად ვუდგებით ამ საკითხს, ეს არის ის, რომ ჩვენ აუცილებლად გავიმარჯვებთ, ჩვენ სხვა სტრატეგია არ გვაქვს, სხვა სტრატეგია არც განიხილება და ამიტომ დაძვრებიან ოფისებში, რომ რაღაც დაამონტაჟონ და გაიგონ. ეს არის მხოლოდ გამარჯვება, თვითონ „ქართულ ოცნებაშიც“ იციან, შეგიძლიათ, გაარკვიოთ, რამდენად ცუდი შიდა კვლევა აქვს ბიძინა ივანიშვილს. ამიტომ ჩვენ მხოლოდ და მხოლოდ გვჭირდება ხმების დაცვა და გამარჯვების საბოლოო გადაფორმება“, – აღნიშნა ხატია დეკანოიძემ.

მიხეილ სააკაშვილი სოციალური ქსელის მეშვეობით აცხადებს, რომ მზად არიან მასობრივი მობილიზაციისთვის და ამ მობილიზაციის მოსამზადებელი ეტაპებია შემდგომი აქციები.