ხატია დეკანოიძე უცხოეთში მცხოვრები საქართველოს მოქალაქეების არჩევნებში მონაწილეობასთან დაკავშირებით ილია დარჩიაშვილს მიმართავს
ხატია დეკანოიძე უცხოეთში მცხოვრები საქართველოს მოქალაქეების არჩევნებში მონაწილეობასთან დაკავშირებით ილია დარჩიაშვილს მიმართავს

ოპოზიციონერი დეპუტატი ხატია დეკანოიძე საზღვარგარეთ საარჩევნო უბნების გახსნის თაობაზე საგარეო საქმეთა მინისტრს, ილია დარჩიაშვილს მიმართავს.

როგორც დღეს გამართულ პრესკონფერენციაზე ხატია დეკანოიძემ განაცხადა, საარჩევნო უფლება საქართველოს კონსტიტუციის 24-ე მუხლითაა გარანტირებული. მისი თქმით, სახელმწიფოს ვალდებულებაა, მოქალაქეებისთვის უზრუნველყოს უფლების ხელმისაწვდომობა და ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეა მოუწოდებს სახელმწიფოებს, მაქსიმალურად უზრუნველყონ საზღვარგარეთ მცხოვრები მოქალაქეებისთვის არჩევნებში ჩართულობა.

„ამ ფონზე, ემიგრანტებისთვის მნიშვნელოვან გამოწვევას წარმოადგენს არჩევნების დღეს საარჩევნო უბნამდე დიდი მანძილის გავლა, გამოწვევა არის არჩევნებში მონაწილეობისთვის პროცედურულ საკითხებთან დაკავშირებით ინფორმირებულობის დაბალი ხარისხი, ეს ფაქტორები კი უცხოეთში მცხოვრებ საქართველოს მოქალაქეებს ხელს უშლით საარჩევნო უფლების გამოყენებაში. საქართველოს 2020 წლის 31 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნებზე 37 ქვეყანაში 50 უბანი იყო გახსნილი, არჩევნებში მონაწილეობა მიიღო 12 247-მა ემიგრანტმა, რაც ძალიან დაბალი რიცხვია მაშინ, როცა, სხვადასხვა მონაცემის მიხედვით, ქვეყნიდან მილიონამდე ადამიანია საზღვარგარეთ გასული. აქტივობის ეს რიცხვი ადასტურებს, რომ სახელმწიფო ვერ უზრუნველყოფს საზღვარგარეთ მცხოვრები საქართველოს მოქალაქეებისთვის საარჩევნო უფლების ხელმისაწვდომობას. ემიგრანტებისთვის ხმის მიცემის უფლების შესაძლებლობის გაზრდისთვის საგარეო საქმეთა სამინისტროს აქტიური მუშაობა მმართებს. საქართველოს კონსტიტუციის 43-ე მუხლის პირველი პუნქტით და საქართველოს პარლამენტის რეგლამენტის 148-ე მუხლის პირველი პუნქტით მონიჭებული უფლებამოსილების ფარგლებში, გთხოვთ, მოგვაწოდოთ შემდეგი სახის ინფორმაცია:

უცხოეთის რომელ ქალაქებშია საქართველოს დიპლომატიური წარმომადგენლობები, სადაც, დღეის მდგომარეობით, შეიძლება გაიხსნას საარჩევნო უბნები? საქართველოს რამდენი მოქალაქე იმყოფება საკონსულო აღრიცხვაზე თითოეულ ამ დიპლომატიურ წარმომადგენლობაში. გთხოვთ, წარმოგვიდგინოთ, კონკრეტულად რომელ ქალაქში/ქვეყანაში რამდენი მოქალაქე იმყოფება აღრიცხვაზე? საგარეო საქმეთა სამინისტრო გახსნის თუ არა დიპლომატიურ წარმომადგენლობებს (თუნდაც დროებითი დიპლომატიური წარმომადგენლობა საარჩევნო მიზნებისთვის) იმ ქვეყნებსა და ქალაქებში, სადაც საქართველოს მოქალაქეები, სულ მცირე, 50 მოქალაქე მოითხოვს საარჩევნო უბნის გახსნას? საგარეო საქმეთა სამინისტრო გეგმავს თუ არა ემიგრანტებისთვის საინფორმაციო კამპანიების წარმოებას მათი არჩევნებში მონაწილეობის გაზრდის მიზნით, მათ შორის, საინფორმაციო კამპანიებს საზღვარგარეთ არალეგალურად მცხოვრებ საქართველოს მოქალაქეებთან, ხოლო თუ გეგმავს, რა ტიპის აქტივობებია დაგეგმილი?“ – მიმართავს ხატია დეკანოიძე საგარეო საქმეთა მინისტრს, ილია დარჩიაშვილს.