ხატია დეკანოიძე - სრულიად მიუღებელი იყო ის განცხადება, რომელიც ლევან ხაბეიშვილმა პირდაპირ ეთერში გააკეთა, ეს ნიკა მელიას საყოველთაო დასჯას უფრო ჰგავდა
ხატია დეკანოიძე - სრულიად მიუღებელი იყო ის განცხადება, რომელიც ლევან ხაბეიშვილმა პირდაპირ ეთერში გააკეთა, ეს ნიკა მელიას საყოველთაო დასჯას უფრო ჰგავდა

ჩემთვის სრულიად მიუღებელი იყო ის განცხადება, რომელიც ლევან ხაბეიშვილმა პირდაპირ ეთერში გააკეთა და ეს ნიკა მელიას საყოველთაო დასჯას უფრო ჰგავდა, არ ვიცი, ეს იყო ერთი ადამიანის მიმართ განხორციელებული სადამსჯელო ღონისძიება თუ სხვა ადამიანებისაც, რომელთაც მანიფესტს ხელი არ მოაწერეს, – ამის შესახებ ოპოზიციონერმა დეპუტატმა, ხატია დეკანოიძემ განაცხადა.

დეკანოიძის თქმით, სამწუხაროა, რომ მსგავსი გადაწყვეტილება იმ პარტიამ მიიღო, რომელსაც პრეტენზია პროდასავლურ ღირებულებებზე აქვს.

„როცა „ქართულ ოცნებას“ ვაკრიტიკებთ იმის გამო, რომ განსხვავებული აზრის მიღება არ შეუძლიათ, ოპოზიციამ სერიოზული მაგალითი უნდა აჩვენოს, როგორ შეუძლიათ, განსხვავებული აზრის მიღება. მათ შორის, შიდაპარტიული დემოკრატია სხვა სტანდარტების უნდა იყოს, ვიდრე ახლა არის. არ მესმის, რა არის სამართლებრივად „თავი ამოირიცხა?“ სამართლებრივად მსგავსი რამე არ არსებობს – ადამიანმა პარტიას განცხადებით უნდა მიმართოს. თავი ამოირიცხა და პარტიის გარეთ დააყენა, რას ნიშნავს? ასეთი სამართლებრივი სტატუსი არ არსებობს. პარტიიდან გარიცხვის ფაქტი მაშინ ვნახე, როცა ძალიან პატარა ვიყავი და ეს ხდებოდა კომუნისტური პარტიის დროს, როცა გარიცხულ ადამიანებს გაზეთებში ბეჭდავდნენ. ძალიან სამწუხაროა, რომ ეს გადაწყვეტილება იმ პარტიამ მიიღო, რომელსაც პრეტენზია პროდასავლურ ღირებულებებზე აქვს“, – განაცხადა დეკანოიძემ.

„ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარემ, ლევან ხაბეიშვილმა ფურცელს, რომელზეც ეწერა, რომ ნიკა მელია პარტიის წევრი აღარ არის, გუშინ პირდაპირ ეთერში მოაწერა ხელი და განაცხადა, რომ ნიკა მელია არ წარმოადგენს „ნაციონალურ მოძრაობას“, აღარ არის პარტიის წევრი.