ხატია დეკანოიძე - სასამართლო იყო მეტწილად პროკურატურის გავლენის ქვეშ, რადგან 2003 წელს დაგვხდა შევარდნაძის ჩავარდნილი ქვეყნის მემკვიდრეობა
ხატია დეკანოიძე - სასამართლო იყო მეტწილად პროკურატურის გავლენის ქვეშ, რადგან 2003 წელს დაგვხდა შევარდნაძის ჩავარდნილი ქვეყნის მემკვიდრეობა

„ნაციონალური მოძრაობის“ წევრის, ხატია დეკანოიძის განცხადებით, ის, რომ ყოფილი ხელისუფლების პირობებში სასამართლო იყო პროკურატურის გავლენის ქვეშ, იყო „შევარდნაძის ჩავარდნილი ქვეყნის მემკვიდრეობის“ შედეგი.

„დამოუკიდებელი სასამართლო არის ქვეყნის განვითარების და დემოკრატიის გარანტი. სასამართლო იყო მეტწილად პროკურატურის გავლენის ქვეშ, იმიტომ, რომ ჩვენ 2003 წელს დაგვხდა შევარდნაძის ჩავარდნილი ქვეყნის მემკვიდრეობა, როდესაც იყო კორუფცია, ორგანიზებული დანაშაული და ძალიან მძიმე სიტუაცია ყველა სახელმწიფო სტრუქტურაში. არც კი არ არსებობდა სახელმწიფო ინსტიტუტები. ამ შემთხვევაში ორგანიზებული დანაშაულის დასამარცხებლად, კორუფციის დასამარცხებლად პირველ ეტაპზე გატარდა სასამართლოს რიგი ღონისძიებები.

სამწუხაროდ, რეფორმების შეჩერებამ და გავლენამ, მათ შორის პროკურატურისგან, მოგვცა ის, რომ სასამართლოს რეფორმა ბოლომდე არ მივიდა და სასამართლო რეფორმა უბრალოდ არ შემდგარა. ყველაზე მნიშვნელოვანი რაც მინდა ვთქვა, ყოველგვარი პათოსის გარეშე, არის ის, რომ ის წარუმატებელი მოსამართლეები, ის წარუმატებელი ნაბიჯები და სასამართლო, რომელიც 2012 წლამდე იყო, მაგალითად მურუსიძე და ჩინჩალაძე, დიდი წარმატებით გადაიტანა „ქართულმა ოცნებამ“, – განაცხადა ხატია დეკანოიძემ „ღამის კურიერის“ ეთერში.