ხატია დეკანოიძე - საქართველოს შესახებ ასეთი მწვავე მოსმენები ევროპარლამენტში არ ყოფილა, მოვუწოდებ პრეზიდენტს, 24 ივნისამდე მიიღოს გადაწყვეტილება ნიკა გვარამიას შეწყალებაზე
ხატია დეკანოიძე - საქართველოს შესახებ ასეთი მწვავე მოსმენები ევროპარლამენტში არ ყოფილა, მოვუწოდებ პრეზიდენტს, 24 ივნისამდე მიიღოს გადაწყვეტილება ნიკა გვარამიას შეწყალებაზე

საქართველოს შესახებ, პოლიტპატიმრებისა და ჟურნალისტების თაობაზე ასეთი მწვავე მოსმენები არ ყოფილა ევროპარლამენტში,- ამის შესახებ „ნაციონალური მოძრაობის“ წევრმა, ხატია დეკანოიძემ განაცხადა.

მისივე თქმით, „ყველა ჯგუფის წარმომადგენელი ძალიან მძიმე დამოკიდებულებას გამოხატავს საქართველოში არაფორმალური მმართველობის გამო, მედიის პრობლემების, პოლიტიკური მართლმსაჯულებისა და სამართლიანი სასამართლოს არ არსებობის გამო“, რაც, დეკანოიძის თქმით, ძირს უთხრის საქართველოს ევროპულ მომავალს.

„ყველა ჯგუფის წარმომადგენელი, მათ შორის იმ ჯგუფის წარმომადგენლები, რომელსაც „ქართული ოცნება“ მიეკუთვნება, მძიმედ აკრიტიკებენ საქართველოში პოლიტიკურ მართლმსაჯულებას და განსაკუთრებით, ნიკა გვარამიას დაპატიმრების შემდეგ არსებულ სიტუაციას. ასევე, 5 ივლისს ლექსო ლაშქარავას უმძიმეს მკვლელობას ორგანიზებული ძალადობრივი ჯგუფების მიერ. ყველა პოლიტიკური ჯგუფის წარმომადგენელი ხაზს უსვამს იმას, რომ საქართველოს მოქალაქეები იმსახურებენ ევროინტეგრაციას და ღია კარს ევროპაში, მაგრამ ხელისუფლების მიმართ არის უმძიმესი დამოკიდებულება. ყველა ის ადამიანი ვიხილეთ, რომელსაც „ქართული ოცნება“ ყველაზე უფრო მძიმე ენით ამკობს. გუშინ ტრიბუნასთან ვერ ვიხილეთ ვერც ერთი ევროპარლამენტარი „ქართული ოცნების“ მიმართ ლოიალურად განწყობილი, რომელიც დადებითად აფასებს საქართველოს ხელისუფლებას“,- განაცხადა დეკანოიძემ.

დეკანოიძის თქმით, საქართველოს ხელისუფლებას დარჩენილი აქვს დაახლოებით ორ კვირაზე ცოტა მეტი და ეს დრო უნდა გამოიყენონ, რომ რეალურად საქართველოს ევროპული პერსპექტივა არ მოკლან.

„რამდენიმე დღის წინ დავბრუნდით ბრიუსელიდან და საქართველის მოქალაქეების მიმართ დამოკიდებულება არის ისეთი, როგორიც ჩვენ გვსურს რომ იყოს, მაგრამ ხელისუფლების მიმართ დამოკიდებულება არის მძიმე. ხელისუფლებამ ეს ორი კვირა უნდა გამოიყენოს იმისთვის, რომ მათ რეალურად საქართველოს ევროპული პერსპექტივა არ მოკლან.

ყველა გამომსვლელმა ხაზი გაუსვა იმას, რომ საქართველოში არაფორმალური მმართველობა ძირს უთხრის დემოკრატიას და ეს ყველაზე დიდი პრობლემაა ევროპული ინტეგრაციისთვის. ბიძინა ივანიშვილის არაფორმალური მმართველობა მძიმე გავლენას ახდენს. ასეთი სიტყვებით ისაუბრეს ჩვენმა პარტნიორებმა საქართველოს პოლიტიკაზე, ეკონომიკაზე, კანონის უზენაესობაზე. მათ იციან ყველაფერი. ჩვენს პარტიასთან ასოცირებულმა პარტნიორებმა ღიად დაუჭირეს მხარი საქართველოსთვის სტატუსის მინიჭებას, მათ შორის, ფოტიგამ და კუბილიუსმა, რომლებიც არიან სამიზნე „ქართული ოცნების“. ასევე ძალიან კრიტიკული იყო სწორედ ის ჯგუფი, რომელსაც მიეკუთვნება „ქართული ოცნება“. ეს ორი კვირა უნდა იყოს გამოყენებული, რომ საქართველომ არ დაკარგოს ევროინტეგრაციის შანსი, გათავისუფლდეს ნიკა გვარამია.

სალომე ზურაბიშვილის გადაწყვეტილება იქნება ძალიან მნიშვნელოვანი და მას მოვუწოდებ, 24 ივნისამდე გადაწყვეტილება მიიღოს. ასევე ამ მოკლე ვადაში ხელისუფლებამ უნდა გააცნობიეროს და გადადგას ნაბიჯები მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მიმართ გადაწყვეტილების დადგომაში და მიღებაში, რაც გულისხმობს სწორედ ადეკვატურად საერთაშორისო ექიმების ჩამოსვლას და მის გადაყვანაზე მსჯელობას. ეს ორი კვირა არის უმნიშვნელოვანესი იმისთვის, რომ საქართველოსთვის არ დაიხუროს ევროპის კარი და ერთი-ერთზე არ დავრჩეთ რუსეთთან“,- განაცხადა ხატია დეკანოიძემ.