ხატია დეკანოიძე - საქართველო ისევ რუსეთის ორბიტაზე რომ არ შემობრუნდეს, აუცილებელია, გათავისუფლდნენ პოლიტპატიმრები და ვადამდელ არჩევნებზე მივაღწიოთ შეთანხმებას
ხატია დეკანოიძე - საქართველო ისევ რუსეთის ორბიტაზე რომ არ შემობრუნდეს, აუცილებელია, გათავისუფლდნენ პოლიტპატიმრები და ვადამდელ არჩევნებზე მივაღწიოთ შეთანხმებას

იმ მოცემულობით, როგორითაც ახლა ჩვენ მივდივართ, ევროატლანტიკური სივრცე საქართველოსთვის კიდევ უფრო შევიწროვდება, – ამის შესახებ „ნაციონალური მოძრაობის“ წევრმა, ხატია დეკანოიძემ ევროპარლამენტარების განცხადების კომენტირებისას აღნიშნა.

მისი თქმით, ოპოზიცია საერთაშორისო პარტნიორებთან მუშაობას აგრძელებს.

„ჩვენს საერთაშორისო პარტნიორებთან ვაგრძელებთ მუშაობას. ევროპარლამენტარების ბოლო განცხადება ჩემთვის და ასევე ბევრი ადამიანისთვის ძალიან საგანგაშო იყო. იქ ერთი ფრაზაა, რომელიც გულისხმობს, რომ საქართველოს და ევროკავშირის მომავალი არის სასწორზე. ამიტომ  საქართველოს დეკლარირებული საგარეო კურსი რომ არ გაცვდეს და არ შემობრუნდეს ისევ რუსეთის ორბიტაზე, აუცილებელია შეწყდეს პოლიტიკური მართლმსაჯულება, გათავისუფლდნენ პოლიტიკური პატიმრები, ნიკა მელია და გიორგი რურუა, ვადამდელ არჩევნებზე უნდა მივაღწიოთ ჩარჩო შეთანხმებას და შეთანხმება, რომელიც დატოვა შარლ მიშელმა, უნდა იყოს პოლიტიკური კრიზისის განმუხტვის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი გზა. წინააღმდეგ შემთხვევაში, იმ მოცემულობით, როგორითაც ახლა ჩვენ მივდივართ, ევროატლანტიკური სივრცე საქართველოსთვის კიდევ უფრო შევიწროვდება“, – განაცხადა დეკანოიძემ.

მისივე თქმით, ოპოზიცია არასდროს გაურბის თავის პასუხისმგებლობას. როგორც დეკანოიძემ აღნიშნა, მიუხედავად იმისა, რომ ნიკა მელია დღემდე ციხეშია, „ნაციონალური მოძრაობა“ მოლაპარაკებებში მაინც მონაწილეობდა.

„ჩვენ არასდროს გვითქვამს, რომ გავურბივართ პასუხისმგებლობას, პირიქით. ჩვენი პარტიის თავჯდომარე დღემდე საპყრობილეშია და ჩვენ მოლაპარაკებებზე ვისხედით ვსაუბრობდით, გვინდოდა, გამოგვეყენებინა კომპრომისის სივრცე, რომელიც აუცილებელი იყო ქვეყნისთვის. სამწუხაროდ, ის პუნქტები, რომელზეც ოპოზიცია მზად იყო, შეთანხმებულიყო, „ქართულმა ოცნებამ“ ჩაშალა და არ მოისურვა სასიცოცხლო საკითხებზე მსჯელობაც კი. ამიტომ ჩვენი პასუხისმგებლობა არის ის, მივაღწიოთ შეთანხმებას, რომელიც იქნება ქვეყნისთვის მნიშვნელოვანი“, – განაცხადა ხატია დეკანოიძემ.