ხატია დეკანოიძე - „ნაციონალური მოძრაობა“ მზად არის, მიიღოს ყველაზე პრინციპული გადაწყვეტილებები, რომელთა შესახებაც მოგახსენებთ საერთაშორისო პარტნიორების განცხადებების შემდეგ
ხატია დეკანოიძე - „ნაციონალური მოძრაობა“ მზად არის, მიიღოს ყველაზე პრინციპული გადაწყვეტილებები, რომელთა შესახებაც მოგახსენებთ საერთაშორისო პარტნიორების განცხადებების შემდეგ

„ქართულმა ოცნებამ“ უტიფრად დაარღვია საქრთველოს მოსახლეობის, ჩვენი სტრატეგიული პარტნიორების, შარლ მიშელის წინაშე დადებული პირობა, – ამის შესახებ „ნაციონალური მოძრაობის“ წევრმა, ხატია დეკანოიძემ 19 აპრილის შეთანხმებასთან დაკავშირებით პარტია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის ირაკლი კობახიძის დღევანდელი განცხადების შეფასებისას აღნიშნა.

როგორც დეკანოიძემ პარტიის ოფისში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა, 19 აპრილის შეთანხმების ანულირებით საქართველოს ევროატლანტიკური მომავალი, დემოკრატია, ნატო-ში გაწევრიანება დიდი საფრთხის ქვეშ დადგა.

მისივე თქმით, „ნაციონალური მოძრაობა“ მზად არის, მიიღოს ყველაზე პრინციპული გადაწყვეტილებები, რომელთა შესახებაც საერთაშორისო პარტნიორების განცხადებების შემდეგ გააცნობენ საზოგადოებას.

„ქართულმა ოცნებამ“ ოფიციალურად განაცხადა და აღიარა, რომ ვერც პარტია „ქართული ოცნება“, ვერც მისი გენერალური მდივანი კახა კალაძე ვერ უახლოვდებიან 43-პროცენტიან ზღვარს. რა თქმა უნდა, ისინი განწირულები არიან დამარცხებისთვის. სწორედ ამიტომ, „ქართულმა ოცნებამ“ უტიფრად დაარღვია საქრთველოს მოსახლეობის, ჩვენი სტრატეგიული პარტნიორების, შარლ მიშელის წინაშე დადებული პირობა და 19 აპრილის შეთანხმების ანულირება მოახდინა. ეს ნიშნავს, რომ საქართველოს ევროატლანტიკური მომავალი, საქართველოს დემოკრატია, ნატო-ში გაწევრიანება არის რა თქმა უნდა, დიდი საფრთხის ქვეშ. პირდაპირ შემიძლია გითხრათ, რომ „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“ ამ შემთხვევაში, რა თქმა უნდა, მზად არის, მიიღოს ყველაზე პრინციპული გადაწყვეტილებები. თუმცა ასევე, დღეს ჩვენ მთელი დღის განმავლობაში ყოველ წუთიერად გვაქვს აქტიური კომუნიკაცია ჩვენს საერთაშორისო პარტნიორებთან. სწორედ ამ პრინციპული გადაწყვეტილებების შესახებ ჩვენ მოგახსენებთ ჩვენი საერთაშორისო პარტნიორების განცხადებების შემდეგ. ვინაიდან, ამ მედიაციაში, „ქართული ოცნების“ მიერ დადებულ პირობაში საქართველოს მოსახლეობის მიმართ, ჩვენი სტრატეგიული პარტნიორებისა და ზოგადად, ცივილიზებული მსოფლიოს მიმართ რეალურად ჩართული იყვნენ აშშ, ევროპის კავშირი და ყველა ჩვენი მეგობარი ქვეყანა, რომელსაც ნამდვილად სურს, საქართველოს მოსახლეობასთან ერთად, საქართველოს ევროატლანტიკური ინტეგრაცია და დემოკრატული განვითარება“, – განაცხადა ხატია დეკანოიძემ.

პარტია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე ირაკლი კობახიძემ დღევანდელ ბრიფინგზე განაცხადა, რომ განსაკუთრებულ მადლობას უხდის შარლ მიშელს მისი ძალისხმევისა და მხარდაჭერისთვის, თუმცა დოკუმენტის ხელმოწერიდან 100 დღის თავზე აშკარაა, რომ მან თავისი მისია შეასრულა და თავი ამოწურა. მისივე თქმით, 19 აპრილის შეთანხმების ანულირებით, დღეიდან ქვეყანა კონსტიტუციურ ჩარჩოს დაუბრუნდა.

ამასთან, კობახიძის თქმით, მზად არიან, რიგგარეშე არჩევნები არა 43 პროცენტის, არამედ ხმების 53 პროცენტის მიღების შემთხვევაშიც დანიშნონ, თუ ოპოზიციური პარტიების ქცევიდან ამოიკითხავენ, რომ პოლიტიკური სისტემა ეფექტიანი კოალიციური მმართველობისთვის მომწიფებულია და სახელმწიფოს მართვის ამგვარი რეჟიმი მის ინტერესებს არ დააზიანებს.