„ნაციონალური მოძრაობის“ წარმომადგენელი ხატია დეკანოიძე აცხადებს, რომ არ აქვს ინფორმაცია, თუ როდის გაიმართება საარჩევნო საკითხებთან დაკავშირებით ხელისუფლებასთან ოპოზიციის მორიგი შეხვედრა.
„სიმართლე გითხრათ, ნამდვილად არ მაქვს ინფორმაცია, როდის გაიმართება მეხუთე რაუნდი“, – განუცხადა დეკანოიძემ ჟურნალისტებს.
მისივე თქმით, სავარაუდოდ შეხვედრა თებერვლის დასაწყისი შედგება.
„რაც შეეხება წინადადებებს. ის შემოთავაზება, რომელიც არსებობდა – 100/50 არის, რომ უმცირესი პროცენტით უმრავლესობის შექმნა შეუძლია ამ შემთხვევაში „ქართულ ოცნებას“ და მმართველ პარტიას. ეს არ არის მისაღები. მაგრამ, მინდა გითხრათ, რომ ჩვენ გვექნება ძალიან კატეგორიული და მკაცრი პოზიცია იმასთან დაკავშირებით, თუ როგორი იქნება შემდეგი შეთავაზება, რომელიც იქნება ყველაზე უფრო ლოგიკური პროპორციული არჩევნების ჭრილში“, – აცხადებს დეკანოიძე.
მისივე თქმით, საუბარი მიდის ახალ შეთავაზებასთან დაკავშირებით, თუმცა დეტალებზე მედიასთან საუბარი არ ისურვა.
„საბოლოოდ პარტიების კონსულტაციები არ დასრულებულა და ვნახოთ. მე შემიძლია გითხრათ, რომ წინადადება, რომელიც აქვს „ქართულ ოცნებას“, მიუღებელია“, – აცხადებს ხატია დეკანოიძე.