ხატია დეკანოიძე – „ქართული ოცნების“ სარჩელი არის თავიდან ბოლომდე რუსული დავალება, ზორკინის დოკუმენტი, ეს არის სუვერენიტეტის, სახელმწიფოებრიობის წინააღმდეგ მიმართული ქმედება
„ნაციონალური მოძრაობის“ წევრის, ხატია დეკანოიძის განცხადებით, „ქართულმა ოცნებამ“ საკონსტიტუციო სასამართლოს სარჩელით რუსეთის მოთხოვნით მიმართა.
დეკანოიძის თქმით, ეს სარჩელი არის დიდი საფრთხე საქართველოს სუვერენიტეტის, ტერიტორიული მთლიანობისა და სახელმწიფოებრიობისთვის.
„მინდა, საქართველოში მცხოვრებ ყველა პატრიოტ ქართველს ყურადღება გთხოვოთ, საქმე ეხება ბიძინა ივანიშვილის და „ქართული ოცნების“ მიერ საკონსტიტუციო სასამართლოსთვის დავალებას პარტიების აკრძალვის თაობაზე. ჩვენ ამას არ განვიხილავთ მხოლოდ სარეგისტრაციო ნომრის აკრძალვად ან კონკრეტული ადამიანებისთვის პოლიტიკური საქმიანობის ჩამორთმევად, ამ მოღალატეობრივ სარჩელს განვიხილავთ საქართველოს სუვერენიტეტის, ტერიტორიული მთლიანობისა და სახელმწიფოებრიობისთვის დიდ საფრთხედ. ეს სარჩელი თავიდან ბოლომდე ეყრდნობა წულუკიანის მოღალატეობრივი კომისიის დასკვნას, მაგრამ ყველაზე საშიშია, რადგან ითვალისწინებს ორ ძალიან მნიშვნელოვან ფაქტორს, რაც არის პირდაპირ რუსეთის მოთხოვნა.
პირველი – ეს ეხება 2008 წლის რუსული სამხედრო აგრესიის საქართველოს სახელმწიფოსთვის დაბრალებას, რაც პირდაპირ რუსეთის მოთხოვნაა და ზუსტად ეს არის ჩადებული სარჩელში. ეს ეხება გალუზინის მოთხოვნას, რაც ასევე სარჩელშია ჩადებული, ძალის გამოუყენებლობის შესახებ საქართველომ ხელი მოაწეროს რუსეთის მიერ წარდგენილ დოკუმენტს, რომელიც პირდაპირ ნიშნავს აფხაზეთის და ცხინვალის რეგიონის აღიარებას.
მეორე, საკონსტიტუციო ჭრილში ყველაზე მაღალი დოკუმენტით ამ სარჩელის განხილვის შემდეგ საქართველოს მეგობრები – ევროპის კავშირი, ყველა პარტნიორთან ურთიერთობა საქართველოს სახელმწიფოსთვის იქნება და დადგინდება, როგორც ანტიკონსტიტუციური. ეს არის პირდაპირი ღალატი. ამ დოკუმენტს, ამ სარჩელს არ დავარქმევდი საკონსტიტუციო სასამართლოში მხოლოდ „ქართული ოცნების“ სარჩელს. ეს სარჩელი თავიდან ბოლომდე არის ზორკინის დოკუმენტი. ზორკინი არის რუსეთის საკონსტიტუციო სასამართლოს თავმჯდომარე, რომელიც პრაქტიკულად ყველაფერში ეხმარება პუტინს როგორც ავტოკრატიის, ასევე კრემლის საგარეო პოლიტიკური ექსპანსიის გასამტკიცებლად. კობახიძის, ივანიშვილის და „ქართული ოცნების“ სხვა წარმომადგენლები აწარმოებენ ანტიეროვნულ პოლიტიკას. რუსული დავალებით, ზორკინის სარჩელით, ზორკინის დოკუმენტით უნდათ, ყველა რუსული პროპაგანდა საქართველოს ტერიტორიაზე გაფორმდეს, როგორც საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილება. საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლო თავიდან ბოლომდე ბიძინა ივანიშვილმა ჩაიდო ჯიბეში. ის წარმატება, მნიშვნელოვანი ისტორიული ფაქტები, რომლებიც დადგინდა ჰააგასა და სტრასბურგში, შესაძლებელია, საქართველომ, რუსეთის დავალებით, „ქართულმა ოცნებამ“, ბიძინა ივანიშვილმა სწორედ ზორკინის დოკუმენტით წააგოს ბათუმში, ქართველი ხალხის ეროვნული ინტერესების საწინააღმდეგოდ. ივანიშვილი ქართველ ხალხს სხვას ვერაფერს სთავაზობს. დავფიქრდეთ ამაზე“, – განაცხადა ხატია დეკანოიძემ.
ხატია დეკანოიძის განმარტებით, სარჩელის განხილვებში მონაწილეობის საკითხზე „ნაციონალური მოძრაობა“ უახლოეს პერიოდში გააკეთებს განცხადებას.
„პირველ რიგში, ეს სარჩელი არის თავიდან ბოლომდე რუსული დავალება, ზორკინის დოკუმენტი, მაგრამ უახლოეს პერიოდში ჩვენი პოზიცია იქნება ცნობილი, ამაზე ცალკე განცხადებას გააკეთებს „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“. ჩვენ ვფიქრობთ, ყველანაირად, ყველა პოზიციაზე ქართველი ხალხის ინტერესები უნდა დავიცვათ. რა მოლოდინი უნდა მქონდეს? ეს არის ზორკინის დოკუმენტი, რომელსაც ბიძინა ივანიშვილი ე.წ. სარჩელის სახით წარადგენს ზუსტად ჯიბეში ჩადებულ საკონსტიტუციო სასამართლოში. ეს არ არის სარჩელი პარტიების გაუქმებაზე, ეს არის ზორკინის დოკუმენტი, რომელიც ბიძინა ივანიშვილმა კობახიძეს ზორკინთან ერთად მოამზადებინა. ეს არის სუვერენიტეტის, სახელმწიფოებრიობის წინააღმდეგ მიმართული კონკრეტული ქმედება, მაშინ, როდესაც უმძიმესი ვითარებაა საქართველოში – ხალხის გაჭირვება, სიღარიბე – ასევე, ემსახურება რუსეთის ინტერესებს“, – განაცხადა ხატია დეკანოიძემ.
ხატია დეკანოიძე ამბობს, რომ აღნიშნული პროცესის ირგვლივ მიმდინარეობს კონსულტაციები სხვა ოპოზიციურ პარტიებთან.
„არ დაგიმალავთ, რა თქმა უნდა, ზოგადად ამ პროცესის ირგვლივ გვაქვს საუბარი და კონსულტაციები სხვა პარტიებთან და კოლეგებთან, ისევე როგორც ყოველთვის. მაგრამ, როგორც გითხარით, როგორი იქნება ჩვენი გადაწყვეტილება ამ სამარცხვინო პროცესში ჩართვასთან დაკავშირებით, უახლოეს პერიოდში წარმოგიდგენთ“, – განაცხადა ხატია დეკანოიძემ.
საქართველოს პარლამენტის 88 წევრის კონსტიტუციური სარჩელი ეხება პოლიტიკური პარტიების, „ერთიანობა – ნაციონალური მოძრაობის“, „კოალიცია ცვლილებისთვის – გვარამია მელია გირჩი დროა“, „ძლიერი საქართველო – ლელო, ხალხისთვის, თავისუფლებისთვის“, „ფედერალისტური პარტიის“, „გახარია საქართველოსთვის“ საქმიანობის აკრძალვას. საკონსტიტუციო სასამართლოში სარჩელის განხილვა მომავალი კვირიდან დაიწყება.