ხატია დეკანოიძე - „ქართული ოცნება“ თუ არ წავა ვადამდელ არჩევნებზე და პოლიტიკური პატიმრების გათავისუფლებაზე, მაშინ 20 მარტს ვაპირებთ დიდ აქციას
ხატია დეკანოიძე - „ქართული ოცნება“ თუ არ წავა ვადამდელ არჩევნებზე და პოლიტიკური პატიმრების გათავისუფლებაზე, მაშინ 20 მარტს ვაპირებთ დიდ აქციას

შეხვედრაზე ვიმსჯელეთ იმ ძალიან მძიმე პოლიტიკურ კრიზისზე, რომელიც არის ქვეყანაში და მომავალ გეგმებზე, რომელიც უნდა იყოს საერთო ოპოზიციური ერთობის პლატფორმა, მათ შორის 20 მარტის აქციაზე, – ამის შესახებ „ნაციონალური მოძრაობის“ წევრმა, ხატია დეკანოიძემ ოპოზიციის წარმომადგენლების შეხვედრის დასრულების შემდეგ განაცხადა.

როგორც ხატია დეკანოიძემ აღნიშნა, ოპოზიციური ერთობა არის იმავე პლატფორმაზე, რომელზეც იყო, მიუხედავად მცირე განსხვავებული პოზიციებისა, რომელიც შეიძლება სხვადასხვა პარტიებს ჰქონდეთ, არაფერი ემუქრება ოპოზიციური ერთობას.

„ჩვენ არ მივცემთ „ქართულ ოცნებას“ საშუალებას, რომ მოლაპარაკებები ჩაშალოს, რადგან ჩვენ საერთაშორისო თანამეგობრობასთან და საქართველოს მოქალაქეებთან ვალდებულება გვაქვს აღებული. გარდა ამისა, „ნაციონალური მოძრაობის“ პოზიცია არის იგივე, ნიკა მელიას გათავისუფლება, ის უნდა წარმოადგენდეს ჩვენს პარტიას მოლაპარაკების მაგიდაზე. უნდა ვისაუბროთ პოლიტიკური პატიმრების გათავისუფლებაზე, ვადამდელ არჩევნებზე, ხელისუფლების გადაბარებაზე მშვიდობიანად, რომ ეს ბანდიტური კრიმინალური ორგანიზაცია ჩამოვაცილოთ ხელისუფლებას. დაისვა საკითხი ღარიბაშვილთან დაკავშირებით, გულწრფელად გეტყვით, რომ ეს ადამიანი უნდა იყოს სისხლის სამართლებრივი დევნის ობიექტი, გამოძიება უნდა იყოს დაინტერესებული. თუ „ქართულ ოცნებას“ სურს რაიმე სახის ნაბიჯი გადმოდგას საქართველოს მოქალაქეებთან, გამოცვალოს მომლაპარაკებელი და წარმოადგინოს პოლიტიკური ფიგურა, რადგან ღარიბაშვილი არის სრულად მიუღებელი. ყველზე მნიშვნელოვანია, რომ ჩვენ არ ვაპირებთ, მათ მივცეთ რაიმე სახის რადიკალური ნაბიჯის გადადგმის საშუალება, რომ მოლაპარაკებები ჩაშალოს. ექვსპუნქტიანი შეთანხმება, რომელიც დატოვა მიშელმა აუცილებლად შესრულდება, შესრულდება ნიკა მელიას, გიორგი რურუას გათავისუფლებით და ვადამდელი არჩევნებით. საერთაშორისო პარტნიორებთან გავაგრძელებთ მუშაობას“, – განაცხადა ხატია დეკანოიძემ.

მისივე თქმით, შეხვედრაზე საუბარი შედგა 20 მარტის აქციაზეც.

„თუ „ქართული ოცნება“ არ წავა რაიმე კონკრეტული წინადადებით ვადამდელ არჩევნებთან და პირველ რიგში პოლიტიკური პატიმრების, ნიკა მელიას საკითხით, მაშინ 20 მარტს ვაპირებთ დიდ აქციას და ეს იქნება პასუხი საქართველოს მოქალაქეების ხელისუფლებისადმი, რომელიც არის თავგასული კრიმინალური აქტის დამგეგმავი“, – განაცხადა ხატია დეკანოიძემ.