ხატია დეკანოიძე - პარტიაში ურთიერთბრალდებები უნდა შეწყდეს, ძალიან რთული იქნება გადაუწყვეტელი ამომრჩევლის დარწმუნება, როდესაც ხედავს, რომ ერთმანეთს არ ვინდობთ
ხატია დეკანოიძე - პარტიაში ურთიერთბრალდებები უნდა შეწყდეს, ძალიან რთული იქნება გადაუწყვეტელი ამომრჩევლის დარწმუნება, როდესაც ხედავს, რომ ერთმანეთს არ ვინდობთ

დიდი იმედი მაქვს, რომ იმ ადამიანს, რომელიც გაიმარჯვებს „ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარეობის არჩევნებში, ეყოფა პარტიის გაერთიანების უნარი, – ამის შესახებ „ნაციონალური მოძრაობის“ წევრმა, ხატია დეკანოიძემ განაცხადა.

დეკანოიძის თქმით, დიდი იმედი აქვს, პარტიაში ურთიერთბრალდებების სერია შეწყდება.

„ჩემი პოზიცია ურთიერთბრალდებებზე არის ძალიან ხისტი, ძალიან მკაცრი და ჩემთვის წარმოუდგენელია ის დაპირისპირება, რომელსაც დღეს ვუყურებ. ძალიან მძიმეა, პირველ რიგში, როგორც ადამიანისთვის, რადგან არ მჭირდება ახლა იმის მტკიცება, რომ მე ამ ადამიანებთან ერთად, ყველასთან ერთად, ძალიან დიდი ხანია, ამ ბრძოლაში ვარ. ამიტომ დიდი იმედი მაქვს, ეს ურთიერთბრალდებების სერია შეწყდება. პრინციპში, ვფიქრობ, როდესაც ამომრჩეველი ხედავს, რომ ერთმანეთს არ ვინდობთ, ძალიან რთული იქნება შემდეგ გადაუწყვეტელი ამომრჩევლის დარწმუნება, ამიტომ ეს უნდა შეწყდეს. დიდი იმედი მაქვს, რომ არჩევნების შემდეგ იმ ადამიანს, რომელიც გაიმარჯვებს არჩევნებში, ეყოფა ის უნარი, რომ გააერთიანოს პარტია და არა კიდევ უფრო დაყოს, ეს ძალიან მნიშვნელოვანია ჩემთვის“, – განაცხადა ხატია დეკანოიძემ.