ხატია დეკანოიძე - პარტია უნდა იყოს ან ქუჩაში, ან პარლამენტში, ან სადმე აქტიურობდეს, პროტესტი მაქვს მათ მიმართ, ვინც პარლამენტში არ დადის
ხატია დეკანოიძე - პარტია უნდა იყოს ან ქუჩაში, ან პარლამენტში, ან სადმე აქტიურობდეს, პროტესტი მაქვს მათ მიმართ, ვინც პარლამენტში არ დადის

დიდი ხანია, ნიკას მალიას ეს პოზიცია აქვს, მან პარლამენტი დატოვა, მის პოზიციას იმ ნაწილში ვიზიარებ, რომ უნდა იარონ და იმუშაონ, თუ დეპუტატის მანდატი აქვთ, დარბაზში უნდა იყვნენ და თავიანთი მოვალეობა შეასრულონ, – ამის შესახებ ოპოზიციონერმა დეპუტატმა, ხატია დეკანოიძემ განაცხადა.

დეკანოიძის თქმით, პარტია ან ქუჩაში, ან პარლამენტში უნდა იყოს, ან სადმე აქტიურობდეს.

„უმრავლესობა პარლამენტში არ დადის. ვინც არ დადის, გაუგებარია, რატომ ინარჩუნებენ მანდატს. გუშინ და გუშინწინ მძიმე შეურაცხყოფების ფონზე სამი-ოთხი ადამიანი ვიყავით. საპარლამენტო არჩევნებამდე ერთი წელიც აღარ დარჩა და დატოვების მიმართულებით განსაკუთრებული არაფერია, მაგრამ პარტია ან ქუჩაში, ან პარლამენტში უნდა იყოს, ან სადმე უნდა აქტიურობდეს. პროტესტი მაქვს მათ მიმართ, ვინც არ დადის. როცა ცოტანი ვართ, თავს გვესხმიან, მძიმე სურათია. ბევრი რომ ვიყოთ, სხვა სიტუაცია იქნებოდა, – განაცხადა დეკანოიძემ.

„ნაციონალური მოძრაობის“ წევრმა, ნიკა მელიამ სოციალურ ქსელში გუშინ დაწერა, რომ ოპოზიციას პარლამენტში უწევს ერთადერთი ფუნქციის შესრულება – პარლამენტის შელამაზება „ქართული ოცნებისთვის“. „მესმის ხელფასი, მანქანა, ბენზინი და სხვა პრივილეგიები, მაგრამ ეს ყველაფერი „ოცნების“ პარლამენტის გაკეთილშობილების მცდელობად არ ღირს“, – დაწერა ნიკა მელიამ.