ხატია დეკანოიძე – პაპუაშვილს მოვუწოდებდი, შეაფასოს პარტიის თავმჯდომარის განცხადებები და ქცევები, თუ როგორ აზიანებს ეს დეპოლარიზაციის პროცესს
პაპუაშვილს მოვუწოდებდი, მაგალითად, პარტიის თავმჯდომარის განცხადებები და ქცევები შეაფასოს, თუ როგორ აზიანებს პარტიის ეს დეპოლარიზაციის პროცესს, რომელზეც „ქართული ოცნება“ ასე ხშირად საუბრობს, – ამის შესახებ „ნაციონალური მოძრაობის“ წევრმა, ხატია დეკანოიძემ განაცხადა.
მისივე თქმით, კარგად გამოჩნდა, როგორ წარმოუდგენია დეპოლარიზაცია „ქართულ ოცნებას“.
„იმისთვის, რომ შესრულდეს 12 პუნქტი, არავითარი სპეკულაციები და იმიტაციის პროცესის შექმნის სივრცე აღარ დავუტოვოთ „ქართულ ოცნებას“ და ხელისუფლებას, მოვიწვიეთ საგანგებო სესია. მიგვაჩნია, რომ ყველაზე მნიშვნელოვანი ადგილი, სადაც კანონპროექტები უნდა იხილებოდეს, არის სასესიო დარბაზი და კომიტეტები. თუ როგორ წარმოუდგენია დეპოლარიზაცია და ეს პროცესი „ქართულ ოცნებას“, ყველაფერი ძალიან კარგად დადასტურდა კობახიძის განცხადებაში. რაც შეეხება პარალელურ პროცესს, ეს პარალელური პროცესი არ იყო, რამდენადაც ჩემთვის ცნობილია, ეს იყო სამოქალაქო საზოგადოებასთან საკანონმდებლო ინიციატივების განხილვის პროცესი. ამიტომ ბატონ პაპუაშვილს მოვუწოდებდი, მაგალითად, პარტიის თავმჯდომარის განცხადებების და ქცევების შეფასება გააკეთოს, იმის, თუ როგორ აზიანებს პარტიის თავმჯდომარის განცხადება და ქცევა დეპოლარიზაციის პროცესს, რომელზეც „ქართული ოცნება“ ასე ხშირად საუბრობს. ახლა მათთვის ყველაზე მნიშვნელოვანია, ძალაუფლება შეინარჩუნონ“, – განაცხადა ხატია დეკანოიძემ.
საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილმა დღევანდელ ბრიფინგზე განაცხადა, რომ „ტექნიკური მთავრობის“ ჩავარდნილი პროექტის შემდეგ, ოპოზიციის რადიკალური ნაწილი ახლა „ტექნიკური პარლამენტის“ პროექტზე გადაერთო, რაც არის ხალხის მიერ არჩეული პარლამენტის დელეგიტიმაციის მცდელობა და კონსტიტუციურ წესწყობილებასთან სახიფათო თამაში“.
პაპუაშვილის თქმით, რამდენიმე დღის წინ თბილისში ვიზიტით მყოფმა ევროპარლამენტის საგარეო კომიტეტის დელეგაციამ ერთი მხრივ, მოიწონა საქართველოს პარლამენტის სამუშაო გეგმა 12 პუნქტთან დაკავშირებით, მეორე მხრივ, დაჟინებით მოუწოდა „ნაციონალურ მოძრაობას“, „ლელოსა“ და „სტრატეგია აღმაშენებელს“, ჩართულიყვნენ პარლამენტის მიერ შექმნილი სამუშაო ჯგუფების საქმიანობაში. „ამის საპირისპიროდ, „ნაციონალურმა მოძრაობამ“ და მასთან დაკავშირებულმა „ლელომ“ და „სტრატეგია აღმაშენებელმა“, ნაცვლად საკითხებზე საპარლამენტო ფორმატში ერთობლივი მუშაობისა, შექმნეს საკუთარი პარტიული ფორმატი. უფრო მეტიც, ისინი სექტემბრიდან აანონსებენ პოლიტიკურ რადიკალიზაციას და ქუჩის აქციებს“, – აღნიშნა შალვა პაპუაშვილმა.