ხატია დეკანოიძე - მოთხოვნები არ იცვლება, შეიძლება, გარკვეულწილად შეიცვალოს ამ მოთხოვნების კონტურები, გაფართოვდეს ან შემცირდეს
ხატია დეკანოიძე - მოთხოვნები არ იცვლება, შეიძლება, გარკვეულწილად შეიცვალოს ამ მოთხოვნების კონტურები, გაფართოვდეს ან შემცირდეს

ჩვენი მოთხოვნები არ იცვლება, შეიძლება, გარკვეულწილად შეიცვალოს ამ მოთხოვნების კონტურები, გაფართოვდეს ან შემცირდეს,- ამის შესახებ „ნაციონალური მოძრაობის“ წევრმა, ხატია დეკანოიძემ პარტიის პოლიტსაბჭოს სხდომის დასრულების შემდეგ განაცხადა.

მისი თქმით, „ნაციონალური მოძრაობა“ აპირებს ყველა მოთხოვნა პუნქტობრივად გაასაჯაროოს.

„პოლიტსაბჭო არის პარტიის საბოლოო გადაწყვეტილების მიმღები ორგანო. დღეს ჩვენ ვმსჯელობთ, ზოგადად საქართველოში არსებულ პოლიტიკურ სიტუაციაზე. არსებობს მოთხოვნები, რომელიც არის ყველა ოპოზიციური პარტიის მოთხოვნა, ეს არის რიგგარეშე ან ახალი არჩევნები, პოლიტპატიმრების თავისუფლება და ახალი ცენტრალური საარჩევნო კომისიის ადმინისტრირება. რა თქმა უნდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“ რჩება ამ მოთხოვნების ერთგული. შესაბამისად, ვწუხვარ, რომ არ შემიძლია, ზუსტად იმ წინადადებების გაჟღერება, რომელიც წარდგენილი იქნება ჩვენს საერთაშორისო პარტნიორებთან, მაგრამ დაზუსტებით რაც შემიძლია გითხრათ არის ის, რომ მოთხოვნები არ იცვლება, მოთხოვნები რჩება იგივე, შეიძლება შეიცვალოს გარკვეულწილად კონტურები ამ მოთხოვნების, ან გაფართოვდეს ან შემცირდეს. არც ერთ მოთხოვნაზე უარს არ ვამბობთ, უბრალოდ ჩვენ ვუდგებით იმ ჭრილიდან, როდესაც „ქართულ ოცნებას“ ექნება დიდი სივრცე კომპრომისისთვის, რომ გადმოდგას საქართველოს მოქალაქეების წინაშე ნაბიჯი. ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი. ამიტომ, რა თქმა უნდა, როდესაც ჩვენ იგივე წინადადებებს, ცოტა განახლებული ვერსიით მივიტანთ ელჩებთან და ჩვენს საერთაშორისო პარტნიორებთან, შემდეგ  ვაპირებთ, რომ გავასაჯაროოთ ყველა მოთხოვნა პუნქტობრივად, რომლიც იქნება ამ დოკუმენტში“, – განაცხადა დეკანოიძემ.