ხატია დეკანოიძე - მმართველი გუნდი ისტერიკაშია, რადგან არჩევნებს საშინლად აგებენ
ხატია დეკანოიძე - მმართველი გუნდი ისტერიკაშია, რადგან არჩევნებს საშინლად აგებენ

მმართველი გუნდი ისტერიკაშია, რადგან არჩევნებს საშინლად აგებენ, – ამის შესახებ „ნაციონალური მოძრაობის“ წევრმა, ხატია დეკანოიძემ საქართველოს პირველი არხის გადაცემაში „მოამბე-დღის თემა“ განაცხადა.

„ისინი ასეთი პროვოკაციებით, ტერორით, სუს-ის ორგანიზებული აგენტურული ქსელით და მივარდნებით ცდილობენ, ვინმეზე ფსიქოლოგიური ზეწოლა მოახდინონ. ეს ასე არ მოხდება, რადგან ჩვენ ყოველი ზუგდიდელის არჩევანს დავიცავთ“, – განაცხადა დეკანოიძემ.

მისი თქმით, ზუგდიდში იმიტომ არიან გაერთიანებული ოპოზიციის და სხვადასხვა რაიონებიდან მათი ორგანიზაციების წარმომადგენლები, რომ მათ სურთ, ზუგდიდელების ხმა დაიცვან და გარდატეხა ზუგდიდიდან დაიწყოს.

„მობილიზაცია იცით რა არის?! თუ ზუგდიდში ჩამოხვალთ, თქვენ ნახავთ სუს-ის მანქანებს, რომლებიც ჩვენ დაგვყვება. მაგალითად, მცხეთა-მთიანეთის სუს-ის სამმართველოს უფროსის მოადგილის, ბატონი ბაჯელიძის მანქანა დაგვყვებოდა რიყეში. სუს-ის დაბურულშუშებიანი ადმინისტრაციული მანქანა დაჰყვება კანდიდატს, ჩვენ და ჩემს მეგობრებს“, – განაცხადა დეკანოიძემ.

როგორც დეკანოიძემ აღნიშნა, საოლქო საარჩევნო კომისია საარჩევნო პროცესს ატარებს არა ისე, როგორც კანონშია გაწერილი, არამედ ეს ხდება ისე, როგორც „ქართულ ოცნების“ აქტივისტს, საოლქო საარჩევნო კომისიის თავმჯდომარეს სურს.

„საოლქო საარჩევნო კომისიაში რომ მივედით, „ქართული ოცნების“ შტაბი იყო იქ, ჩვეულებრივი. ვერ გაიგებთ, გატანილი სიები და ბეჭდები ვის შემოჰქონდა, სად შემოჰქონდა და როდის. ზუგდიდის საარჩევნო უბნებზე რომ მიხვიდეთ, საუბნო საარჩევნო კომისიებში, არ ვიცი, იქ არც სეიფია, არც უჯრა და არც არაფერი“, – განაცხადა დეკანოიძემ.

გადაცემის წამყვანის შეკითხვაზე, რატომ ითვლება ეს კანონდარღვევად მაშინ, როცა ცესკო და მათ შორის, არასამთავრობო სექტორი აცხადებს, რომ ეს კანონდარღვევა არ არის და საოლქო საარჩევნო კომისიას ინვენტარის დასარიგებლად ვადა 17 მაისამდე აქვს, ხატია დეკანოიძემ აღნიშნა, რომ თამარ ჟვანიამ დანაშაული აღიარა.

„რას ნიშნავს არ იყო კანონდარღვევა?! მაშინ, რატომ ცვლიან ბეჭდებს?!როდესაც კომისიის თავმჯდომარეს მიღება-ჩაბარების აქტით ატანენ ბეჭედს და იმიტომ, რომ მას საუბნო კომისიაში სეიფი არ აქვს, ბალიშის ქვეშ ინახავს ამ ბეჭედს, კანონდარღვევა არ არის?! ჩვენ დღეს მოვიარეთ ძალიან ბევრი საუბნო საარჩევნო კომისია და თავმჯდომარეები პირდაპირ ამბობდნენ, რომ სახლში ჰქონდათ ბეჭდები და სიები. ეს სისხლის სამართლის დანაშაულია, ჩვეულებრივად“, – განაცხადა დეკანოიძემ.