ხატია დეკანოიძე - მივმართავ ხელისუფლებას, შეეშვით თავების დათვლას
ხატია დეკანოიძე - მივმართავ ხელისუფლებას, შეეშვით თავების დათვლას

ეს ბრძოლა არის ზუსტად ჩვენი მომავლისთვის, ჩვენი ქვეყნისთვის და არავინ არ აპირებს უკან დახევას, – ამის შესახებ „ნაციონალური მოძრაობის“ ერთ-ერთმა ლიდერმა, ხატია დეკანოიძემ პარლამენტის წინ აქციაზე განაცხადა.

ამასთან, დეკანოიძის თქმით, მიზნის მისაღწევად მნიშვნელოვანია ერთად დგომა, რადგან, როგორც თავად აცხადებს, ამის გარეშე, განცალკევებულად არაფერი გამოვა.

„ჩემო ძვირფასო ადამიანებო, ყველაზე გამბედავებო, საუკეთესო მოქალაქეებო, მაგრამ რა თქმა უნდა, ბევრი უფრო ჩვენი საზოგადოების საუკეთესო მოქალაქეები დღეს შეიძლება აქ არ არიან. მე ვარ ამაყი და თითოეული ჩვენგანი, თითოეული ის ადამიანი, რომელიც ახლა აქ არის ან აქ ვერ არის, თქვენთან ერთად ვართ ამ ძალიან ღირსეულ, დიდ ბრძოლაში და ეს ბრძოლა არის ზუსტად ჩვენი მომავლისთვის, ჩვენი ქვეყნისთვის და არავინ არ აპირებს უკან დახევას და ეს უნდა ესმოდეს ბიძინა ივანიშვილს. ადამიანს, რომელმაც ახლა შეიძლება გადაწყვიტა, რომ იცით რა, მოდი, მე თავებს დავითვლი და ამ ქვეყანაში არჩევნებს საერთოდ აღარასოდეს აღარ ჩავატარებ. ამიტომ, გავაგონოთ ახლა ჩვენი ხმა და ვუთხრათ, რომ ქვეყანაში აუცილებლად ჩატარდება მშვიდობიანი, სამართლოიანი, თავისუფალი არჩევნები.

ხელისუფლებას მინდა მივმართო, შეეშვით თავების დათვლას, შეეშვით ადამიანებთან ჭიდაობას, შეეშვით წყლის ჭავლს, შეეშვით რეზინის ტყვიებს, გაზს, რადგან ხალხთან ჭიდაობა და ჭიდილი არც ერთ ხელისუფლებას არ გასვლია და ვერც ერთი ხელისუფლება ვერ გაუმკლავდება იმას, როდესაც შენი თანამოქალაქეები ითხოვენ თავისუფლებას და შენ ამ თავისუფლების წინააღმდეგ მიდიხარ. ჩვენ, ვინც ახლა აქ ვართ, თქვენთან ერთად ვართ ამაყები, რომ ვართ ნამდვილად იმ მხარეს, სადაც უნდა ვიდგეთ ყოველდღიურად. მხარე, რომელიც არის ჩვენი სიმართლე, ჩვენი მომავალი, სინათლე და რაც მთავარია, ჩვენი ერთად ყოფნა, რადგან ამ ერთად ყოფნის გარეშე, სათითაოდ, განცალკევებულად არაფერი გამოგვივა. ამიტომ, ნუ ეგონება ივანიშვილს, რომ იგი დაარღვევს ერთიანობას, ნუ ეგონება, რომ რაღაც გარკვეულ ბზარს შეიტანს ჩვენში ან დაგვემუქრება, ან დაგვყოფს. არა, ყველა ერთად უნდა ვიდგეთ, ვინაიდან ჩვენი სამშობლო არის ერთი, ყველა ამ სამშობლოს შვილები ვართ და ამ სამშობლოს არ ვაპირებთ, რომ დავუთმოთ ოლიგარქ ივანიშვილს. ამიტომ, ჩატარდება თვისუფალი არჩევნები, მოუწევს ბიძინა ივანიშვილს დათმობაზე წასვლა ისევე, როგორც ეს გააკეთა პროპორციულის შემთხვევაში და აქ, ამ მოედანზე გაიმარჯვებს ქართველი ხალხი, ჩვენი თანამოქალაქეები ისევე, როგორც ძალიან ბევრჯერ ამაყად, ერთად ყოფნით, ბევრი სირთულით, მაგრამ ეს იქნება ღირსეული გამარჯვება“, – განაცხადა ხატია დეკანოიძემ.