ხატია დეკანოიძე – არ მაქვს იმედი, რომ საქართველოს პარლამენტი მიიღებს რეზოლუციას, სადაც დაგმობილია რუსეთის შეჭრა უკრაინის სუვერენულ ტერიტორიაზე
ფრაქციის, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – გაერთიანებული ოპოზიცია „ძალა ერთობაშია“ თავმჯდომარემ, ხატია დეკანოიძემ საქართველოს პარლამენტის პლენარულ სხდომაზე უკრაინაში რუსეთის მიერ სამხედრო აგრესიის, გენოციდისა და ომის დანაშაულების შესახებ „ნაციონალური მოძრაობის“ რეზოლუცია წაიკითხა.
დეკანოიძის თქმით, საქართველოს პარლამენტმა უნდა მიიღოს რეზოლუცია, სადაც დაგმობილია რუსეთის შეჭრა უკრაინის სუვერენულ ტერიტორიაზე, გენოციდის აქტები და კაცობრიობის წინააღმდეგ ჩადენილი დანაშაულები, ადამიანის უფლებათა სისტემური დარღვევა, ძალადობის აქტები, საერთაშორისო სამართლით გათვალისწინებული სხვა დანაშაულები.
„ასეთ რეზოლუციებს იღებს ყველა ქვეყანა ცივილიზებულ სამყაროში. არ მაქვს იმედი, რომ ამ რეზოლუციას მიიღებთ, მაგრამ მე მინდოდა, საქართველოს მოქალაქეებს კიდევ ერთხელ მოესმინათ, რომ რუსეთი ახორციელებს გენოციდს უკრაინაში“, – განაცხადა ხატია დეკანოიძემ.
ინფორმაციას საქართველოს პარლამენტის პრესსამსახური ავრცელებს.