ხატია დეკანოიძე - მე არ ვამბობ, ვიღაც ფიწლით გამოვარდეს, რევოლუციური განწყობა გულისხმობს, რომ მოქალაქეების უმეტესობას ხელისუფლების შეცვლის აუცილებლობა ესმოდეს
ხატია დეკანოიძე - მე არ ვამბობ, ვიღაც ფიწლით გამოვარდეს, რევოლუციური განწყობა გულისხმობს, რომ მოქალაქეების უმეტესობას ხელისუფლების შეცვლის აუცილებლობა ესმოდეს

„ნაციონალური მოძრაობის“ წევრის, ხატია დეკანოიძის განცხადებით, უფლებამოსილების შეწყვეტის საკითხზე პარლამენტის საპროცედურო კომიტეტიდან დაუკავშირდნენ და მათ დაუდასტურა, რომ არ ანიჭებს ლეგიტიმაციას ამ პარლამენტს.

„მაგალითად, მე დღეს დამირეკეს პარლამენტის საპროცედურო კომიტეტიდან და მკითხეს, მინდა თუ არა უფლებამოსილების შეწყვეტა და იყო თუ არა ის განცხადება ჩემი დაწერილი. მე დავუდასტურე, რომ დიახ, განცხადება არის ჩემი დაწერილი, მე არ ვანიჭებ ლეგიტიმაციას ამ პარლამენტს, ამიტომ ჩემთვის არაფერი  შეიცვლება. ჩემი, ჩემი მეგობრების, ჩემი პოლიტიკური პარტიის და სხვა ოპოზიციური პარტიებისთვის წესრიგი იქნება ისეთივე, როგორიც დღემდე“, – აღნიშნა დეკანოიძემ.

ამასთან, დეკანოიძემ განმარტა, თუ რას ნიშნავს მოქალაქეებში რევოლუციური განწყობების შექმნა.

„ადამიანებში და მოქალაქეებში რევოლუციური განწყობების შექმნა ნიშნავს იმას, რომ ჩვენ ხელისუფლების ცვლილება მოვახდინოთ ზუსტად იმ რევოლუციური განწყობით, რაც თითოეულ ადამიანში შეიძლება იყოს ან არ იყოს, მაგრამ ეს უნდა იყოს ადამიანების კრიტიკული მასა.

მე არ ვამბობ, რომ ვიღაც ფიწლით გამოვარდეს გარეთ, არც ძალადობას, ეს არის განწყობა, რომელიც გულისხმობს იმას, რომ საქართველოს მოქალაქეების უმეტესობას უნდა ესმოდეს, ქვეყანაში აუცილებელია ხელისუფლების შეცვლა. თუ ხელისუფლება არ თმობს ძალაუფლებას, მაშინ მოქალაქეებმა, ყველამ ერთად უნდა გავაკეთოთ ის, რომ ეს განწყობა საუბრით, დარწმუნებით, შეხვედრებით და ა.შ. კიდევ უფრო გაიზარდოს, ეს არის და ეს“, – განაცხადა ხატია დეკანოიძემ.