ხატია დეკანოიძე - „ლელოსთან“ გვქონდა ძალიან მნიშვნელოვანი კონსულტაციები, ვნახოთ, ვინ იქნება ჩვენ ერთობაში
ხატია დეკანოიძე - „ლელოსთან“ გვქონდა ძალიან მნიშვნელოვანი კონსულტაციები, ვნახოთ, ვინ იქნება ჩვენ ერთობაში

„ლელოსთან“ გვქონდა ძალიან მნიშვნელოვანი კონსულტაციები და ვნახოთ, ვინ იქნება ჩვენ ერთობაში, ყოველ შემთხვევაში, ნამდვილად საინტერესო იქნება „ლელოს“ პასუხი – ასე უპასუხა „ნაციონალური მოძრაობის“ წევრმა, ხატია დეკანოიძემ საქართველოს პირველი არხის გადაცემის „დღის თემა“ წამყვანის შეკითხვას, ვინ იქნება „ნაციონალურ მოძრაობასთან“ ერთად კოალიციაში იმ პარტიების გარდა, ვინც უკვე საკუთარი განცხადებები გააკეთა.

„ჩვენ „ლელოსთან“ გვქონდა ძალიან მნიშვნელოვანი კონსულტაციები. ყოველ შემთხვევაში, არ მინდა, რამე მოვლენებს წინ გავუსწრო“, – განაცხადა მან.

როგორც დეკანოიძემ აღნიშნა, დარწმუნებულია, რომ მაჟორიტარულ ნაწილში, სხვა ქალაქებთან მიმართებაშიც, კოორდინაცია იქნება „სტრატეგია აღმაშენებელთან“ და მათ შორის, „ლელოსთან“. 

„არ ვიცი, როგორი იქნება ბოლო, ხვალინდელი დღე, როგორი პასუხი, ან რა პოზიცია ექნება „ლელოს“ ამასთან დაკავშირებით, მაგრამ ჩვენ ნამდვილად გვსურს, ეს პლატფორმა იყოს კიდევ უფრო ერთიანი და მსხვილი“, – განაცხადა დეკანოიძემ.

გადაცემის წამყვანის შეკითხვაზე, იყო თუ არა ასეთი კომუნიკაციის მცდელობა „გირჩთან“ და „მოქალაქეებთან“, დეკანოიძემ განაცხადა, რომ ამ პარტიებთან კონსულტაციები არ გამართულა.

როგორც „ნაციონალური მოძრაობის“ წევრმა აღნიშნა, დღეს იყო ძალიან დიდი ოპოზიციური პლატფორმის განაცხადი, რომლის გაგრძელებაც მომდევნო დღეებში იქნება, ეს პლატფორმა შედგება და წინასაპარლამენტო არჩევნებისთვის ეს იქნება მნიშვნელოვანი პრეკოალიციური განაცხადი.

დეკანოიძემ ასევე აღნიშნა, რომ გიორგი გახარიას პარტია „ქართული ოცნების“ ყველაზე მეტ ხმებს წაიღებს.

დატოვე კომენტარი