ხატია დეკანოიძე - კეზერაშვილმა თვითონვე თქვა, რომ კავშირზე არის სხვადასხვა პარტიასთან და სამოქალაქო საზოგადოებასთან
ხატია დეკანოიძე - კეზერაშვილმა თვითონვე თქვა, რომ კავშირზე არის სხვადასხვა პარტიასთან და სამოქალაქო საზოგადოებასთან

არ ვთანამშრომლობ ახლა არავისთან, არ გახლავართ პარტიის წევრი, არ ვარ არცერთი ფრაქციის წარმომადგენელი, როგორც მედიამფლობელის, დავით კეზერაშვილის მიმართ ჩემი პოზიცია კვლავ რჩება იგივე, რაც აქამდე იყო, ისევე როგორც „მთავარ არხთან“, „ტვ პირველთან“ დაკავშირებით. „ფორმულაც“ ჰყვება ამ სიტყვის თავისუფლების ჩახშობის კონტექსტში, რომელიც აღებული აქვს „ქართულ ოცნებას“, – ამის შესახებ ოპოზიციონერმა დეპუტატმა, ხატია დეკანოიძემ განაცხადა.

დეკანოიძის თქმით, ის აღარ არის „ნაციონალური მოძრაობის“ წევრი, შესაბამისად, დავით კეზერაშვილზე ვერაფერს იტყვის.

„თვითონვე თქვა, რომ არის კავშირზე სხვადასხვა პარტიასთან და სამოქალაქო საზოგადოებასთან. მე „ნაციონალურ მოძრაობას“ აღარ წარმოვადგენ. მე დავასახელე ის მიზეზები, რა მიზეზების გამოც დავტოვე პარტია. ეს შეეხებოდა პოლიტიკური საბჭოს არჩევნებს, რომელიც, მიმაჩნია, რომ არ არის ლეგიტიმური, მეორე იყო ვანო მერაბიშვილის ჩრდილოვანი მმართველობა, რომელიც მე არ მომწონდა, ასევე ეს ეხებოდა თავმჯდომარის კანდიდატურას, რომელსაც მეც არ ვეთანხმებოდი და 9 აპრილის აქციას. ეს იყო ის ძირითადი მიზეზები, რომლებიც დავასახელე და მე ეს პოზიცია დღემდე არ შემიცვლია. მე არ წარმოვადგენ „ნაციონალურ მოძრაობას“, ფრაქციას, ამიტომ ამასთან დაკავშირებით მეტს ვერაფერს მოგახსენებთ“, – განაცხადა დეკანოიძემ.

საქართველოს თავდაცვის ყოფილმა მინისტრმა, დავით კეზერაშვილმა ერთ-ერთი მედიის ეთერში განაცხადა: „ცოტა ადამიანია, ვინც ეხმარება პროდასავლურ ფლანგს. მე ვარ ერთ-ერთი და ვაპირებ, გავაგრძელო ბრძოლა ბოლომდე. არიან სამოქალაქო საზოგადოების სუბიექტებიც, რომლებსაც ხშირად სჭირდებათ დახმარება, ასეთი სურვილი თუ არსებობს იქითა მხრიდან, თავს ვალდებულად ვთვლი, რომ ეს გავაკეთო. პრინციპი არის ორი: უნდა იყოს აუცილებლად პროდასავლური, მეორე – უნდა იყოს სურვილი იქითა მხრიდან, რადგან მე არ დავდივარ და არ ვეძებ ადამიანებს, პარტნიორებს საქართველოში, ვისაც ვეხვეწები, რომ მოდით, მინდა, რაღაცით მოგეხმაროთ“.