ხატია დეკანოიძე - ის ტალღები, რომელიც საერთაშორისო თანამეგობრობის მხრიდან „ქართული ოცნების“ წინააღმდეგ წამოვიდა, არ გაჩერდება
ხატია დეკანოიძე - ის ტალღები, რომელიც საერთაშორისო თანამეგობრობის მხრიდან „ქართული ოცნების“ წინააღმდეგ წამოვიდა, არ გაჩერდება

ჩემთვის პირველი გზავნილი იყო ის, რომ საერთაშორისო ზეწოლამ გარკვეულწილად იმოქმედა და პირველად ეს გამოჩნდა ზუსტად პრეზიდენტის განცხადებაში, როდესაც მან ღიად გააკრიტიკა შეთანხმების ანულირებასთან დაკავშირებით „ქართული ოცნება“, – ამის შესახებ „ნაციონალური მოძრაობის“ წევრმა, ხატია დეკანოიძემ განაცხადა.

დეკანოიძის თქმით, საერთაშორისო თანამეგობრობის მხრიდან ზეწოლა კიდევ უფრო გაგრძელდება.

„მნიშვნელოვანია, რომ საერთაშორისო თანამეგობრობის მხრიდან ის ტალღები, რომელიც აქამდე წამოვიდა „ქართული ოცნების“ წინააღმდეგ, არ გაჩერდება. პრეზიდენტის განცხადება შეესაბამებოდა მეტწილად იმ განწყობას, რომელიც ზოგადად აქვს ჩვენს საერთაშორისო პარტნიორებს, მაგრამ რა თქმა უნდა არ ასახავდა ბოლომდე იმ პოლიტიკური კრიზისის სიღრმეს, რომელიც დღეს არის ქვეყანაში. ეს ზეწოლა კიდევ უფრო გაღრმავდება, რადგან „ქართული ოცნების“ მხრიდან თავხედური ნაბიჯების გადადგმა, რომელიც დაიწყო შეთანხმების დოკუმენტის დარღვევიდან და ეს იყო ამნისტია, რატომაც ჩვენ არ შევუერთდით ზუსტად ამ შეთანხმებას, გრძელდება და დასრულდა სწორედ ანულირებით. პირველ რიგში უნდა ვთქვათ, რომ დამოკიდებულება ჩვენი საერთაშორისო პარტნიორების ასე არ დასრულდება იმიტომ, რომ ჩვენ გვახსოვს ამერიკის შეერთებული შტატების ელჩის განცხადება, გვახსოვს ევროკავშირის და პარტნიორების განცხადება, მაგრამ ეს იქნება მიბმული არა საქართველოს მოქალაქეების დასჯისკენ, არამედ მიბმული უნდა იყოს აუცილებლად ბიძინა ივანიშვილის ხელისუფლების, კლეპტოკრატიული რეჟიმის და ოლიგარქიული რეჟიმის წარმომადგენლების და მაღალჩინოსნების სანქცირებისკენ. ამიტომ, მე მინდა გითხრათ, რომ ამასთან დაკავშირებით ფიქრი მიმდინარეობს ჩვენი სტრატეგიული პარტნიორების განხილვაში. ჩვენი პოზიცია იყო თანმიმდევრული. თავიდანვე ვსაუბრობთ, რომ შეთანხმება პირველ რიგში ირღვეოდა სწორედ ამნისტიის შესახებ კანონპროექტით, რომელშიც ჩაიდო დათქმა, რომელსაც „ნაციონალური მოძრაობა“ ჯერ კიდევ არ ეთანხმებოდა მოლაპარაკებებზე. ზოგადი დამოკიდებულება „ქართული ოცნების“ არ იყო ლოგიკური და თანმიმდევრული, როდესაც ერთ დღეს საუბრობდენ, რომ მათ არ აინტერესებთ „ნაციონალური მოძრაობის“ მოსაზრება და შემდეგ უკვე აღმოჩნდა, რომ „ნაციონალური მოძრაობის“ გამო ვითომ გამოვიდნენ ამ შეთანხმებიდან“, – განაცხადა დეკანოიძემ.