ხატია დეკანოიძე - გაზაფხულისთვის პოლიტიკური ტემპერატურა აუცილებლად აიწევს, მეც ვემზადები მშვიდობიანი რევოლუციისთვის
ხატია დეკანოიძე - გაზაფხულისთვის პოლიტიკური ტემპერატურა აუცილებლად აიწევს, მეც ვემზადები მშვიდობიანი რევოლუციისთვის

„ნაციონალური მოძრაობის“ წევრის, ხატია დეკანოიძის შეფასებით, პოლიტიკურ მხარეებს შორის მოლაპარაკების ყველანაირი რესურსი ამოწურულია.

დეკანოიძის თქმით, „ნაციონალური მოძრაობიდან“ პარლამენტში არ შედიან და ამ გადაწყვეტილების ერთგული რჩება.

„მგონია, რომ ყველანაირი მოლაპარაკების რესურსი ამოიწურა, მე საერთოდ არ ვფიქრობ მაგაზე, ძალიან ბევრი საქმე მაქვს. მე არ ვფიქრობ, რომ ხატია დეკანოიძე თუ პარლამენტში არ იქნება, შეიძლება იმაზე უკეთესად ან ნაკლებად დაიცვას მოქალაქეების ინტერესები, ვიდრე ბატონმა ინჯიამ. ამიტომ ამით ჩვენს პარტიას არაფერი დააკლდება.

ჩვენ ჩვენი პოზიცია ჩამოყალიბებული გვაქვს, მე არ მაინტერესებს, ბატონი მდინარაძე რას იზამს, მე დავწერე განცხადება და მე ვარ იქ, სადაც უნდა ვიყო – ჩემს მოქალაქეებთან. მე არ მგონია, რომ რამე სახით უფრო ნაკლებად მნიშვნელოვანი იქნებიან ჩემი მეგობრები ან ჩემი პარტია, ვიდრე ბატონი ინჯიას პარტია, ამიტომ არც მანერვიულებს საერთოდ და დიდი ბოდიში, მაგრამ არ მაინტერესებს ელისაშვილი შევა თუ არა პარლამენტში, მე დავამთავრე ამაზე ლაპარაკი. ჩვენ არ შევდივართ და მე დავრჩები ამ გადაწყვეტილების ერთგული“, – განაცხადა ხატია დეკანოიძემ.

რაც შეეხება კითხვას, „პოლიტიკური ტემპერატურა აიწევს გაზაფხულისთვის?, პოლიტიკოსთა ნაწილი ცხელ გაზაფხულს აანონსებს, ნაწილი რევოლუციაზეც საუბრობს“, – დეკანოიძე აღნიშნავს, რომ მშვიდობიანი რევოლუციისთვის თავადაც ემზადება.

„აუცილებლად აიწევს, მეც ვემზადები მშვიდობიანი რევოლუციისთვის, ყველანაირი ფორმებით, მე არ ვამბობ, რომ ვიღაცები ფიწლებით უნდა გამოვარდნენ, მშვიდობიანი რევოლუცია არის ის, რომ ჩვენ ძალაუფლება ჩამოვართვათ ხელისუფლებას მშვიდობიანად, არჩევნებით, დიდი მუხტით, საპროტესტო აქციებით, ამიტომ მე ამაში განსაკუთრებულს ვერ ვხედავ, და სააერთოდ, ეს რაღაც მორალის კითხვა და პოლიტკორექტულობა მემგონი, დამღლელია მაშინ, როდესაც რეჟიმი თავზე გვაზის, დიდი ბოდიში უხეში გამოთქმისთვის“, – განაცხადა ხატია დეკანოიძემ.