ხატია დეკანოიძე - გაყალბებული არჩევნებისა და უამრავ ადამიანზე ზეწოლის შემდეგ, ჰყოფნით თავხედობა, კვლავ ადამიანების სიცოცხლით პოლიტიკურ მანიპულაციებზე ისაუბრონ
ხატია დეკანოიძე - გაყალბებული არჩევნებისა და უამრავ ადამიანზე ზეწოლის შემდეგ, ჰყოფნით თავხედობა, კვლავ ადამიანების სიცოცხლით პოლიტიკურ მანიპულაციებზე ისაუბრონ

გაყალბებული არჩევნების შემდეგ, უამრავ ადამიანზე ზეწოლის შემდეგ, უამრავი კომისიის წევრებზე ზეწოლის შემდეგ, უამრავ მოქალაქეზე ზეწოლის შემდეგ, გამოდიან და ჰყოფნით თავხედობა, უტიფრობა, რომ კვლავ ადამიანების სიცოცხლით პოლიტიკურ მანიპულაციებზე ისაუბრონ, – ამის შესახებ ისნის საარჩევნო ოლქში „ნაციონალური მოძრაობის“ მაჟორიტარობის კანდიდატმა, ხატია დეკანოძემ განაცხადა.

დეკანოიძე ისნის საოლქო საარჩევნო კომისიის თავმჯდომარის, თედო გობეჯიშვილის გარდაცვალების ფაქტთან დაკავშირებით „ქართული ოცნების“ სიის წევრის, გიორგი ხელაშვილის გაცხადებას გამოეხმაურა.

„ამ თემაზე არ ვაპირებდით საუბარს, ვინაიდან საქმე ეხება ადამიანის სიცოცხლეს. მაგრამ დღეს „ქართული ოცნების“ კიდევ ერთმა ამორალურმა ფსკერმა პოლიტიკური მანიპულაციები მოახდინა ადამიანის სიცოცხლით. ზუსტად ამან გადაგვაწყვეტინა, რომ აუცილებლად უნდა გამოვეხმაუროთ „ქართული ოცნების“, კობახიძის ადიუტანტების, 1 500-ლარიანი ექსპერტებისა და ყველა იმ ამორალური ადამიანის განცხადებებს, ვინც ახლა ვაჭრობს ადამიანის სიცოცხლით.

მინდა, დიდი მწუხარება გამოვხატო ისნის საოლქო-საარჩევნო კომისიის თავმჯდომარის გარდაცვალების გამო. ვიზიარებ წუხილს, თანავუგრძნობ ოჯახს, მაგრამ აქვე უნდა ვთქვა, რომ ის, რასაც კადრულობენ „ქართული ოცნების“, კობახიძის და ბიძინა ივანიშვილის მონები და მსახურები, ეს სცდება ყოველგვარ ზღვარს, არის ფსკერზე უფრო ქვემოთ. დღეს, გაყალბებული არჩევნების შემდეგ, უამრავ ადამიანზე ზეწოლის შემდეგ, უამრავი კომისიის წევრზე ზეწოლის შემდეგ, უამრავ ჩვეულებრივ მოქალაქეზე ზეწოლის შემდეგ, გამოდიან და ყოფნით იმის თავხედობა, უტიფრობა, რომ კვლავ ადამიანების სიცოცხლით პოლიტიკურ მანიპულაციებზე ისაუბრონ.
მინდა, მივმართო „ქართულ ოცნებას“, მივმართო თითოეულ ადამიანს, რომელიც საუბრობს ბიძინა ივანიშვილის, კობახიძის და სხვა ჯამბაზების სახელით. მინდა, მივმართო გიორგი ხელაშვილს, ბოჟაძეს, ნიკოლაიშვილს და „ქართული ოცნების“ სხვა მონებსა და იდეოლოგებს, რომლებიც ატარებენ ამ ქვეყანაში რუსულ გავლენას და აძლიერებენ კრემლის პროპაგანდას – რა გჭირთ ხალხნო? ნუთუ, არ გაგაჩნიათ ელემენტარული მორალი, ნუთუ არ გაგაჩნიათ ელემენტარული ადამიანობა, რომ დღეს, ამ სიტუაციაში კვლავ ადამიანების სიცოცხლით არ ივაჭროთ და პოლიტიკურ მანიპულაციებზე არ ისაუბროთ. ნუთუ, არ გაგაჩნიათ ელემენტარული შინაგანი შეგრძნება, თუ რა დღეშია დღეს თუნდაც ამ ადამიანის ოჯახი. რას ყვებით საერთოდ, რა დაგმართნიათ? კობახიძის ადიუტანტებს მივმართავ – თქვენ ხართ ამორალური ადამიანები, ფსკერი, ვინაიდან დღეს ბედავთ და დიახ, რაფალიანცის შემთხვევის შემდეგ, იმავე ამორალურობასა და ფსკერზე საუბრობთ“, – განაცხადა დეკანოიძემ.

მისი თქმით, დღეს ძალიან ბევრი ადამიანი და საოლქო საარჩევნო კომისიის თავმჯდომარეა ცესკო-ს მხრიდან ზეწოლის ქვეშ.

„უამრავმა ადამიანმა გამოიარა ის ე.წ. ზონდერების სირცხვილის დერეფნები, რომლებიც მოწყობილი ჰქონდათ საარჩევნო უბნების წინ და ამის შემდეგ, საქართველოს მოსახლეობის ერთი მესამედის ხმების გაყალბების შემდეგ, კიდევ გყოფნით თავხედობა, რომ გამოდიხართ და ადამიანის სიცოცხლით მანიპულაციას აკეთებთ, ეს არის წარმოუდგენელი ამორალურობა და არაადამიანობა. დიახ, თუ გამოძიება წარიმართება ობიექტურად და ობიექტური გამოძიება აუცილებლად ჩატარდება მას შემდეგ, რაც ბიძინა ივანიშვილი წავა და ჩამოსცილდება ხელისუფლებას, ჩვენ გავიგებთ, რომ ცესკო-ს მხრიდან ნამდვილად აქვს ძალადობას ადგილი ყველა იმ ადამიანზე, რომელიც მონაწილეობდა ამ პროცესში. ჩვენ გავიგებთ, რომ საქართველოს მოსახლეობის ხმების უმეტესი ნაწილი არის წართმეული.  იცოდეთ, თქვენი დღეები დათვლილია, დათვლილია, რადგან არავინ თქვენ არ გაპატიებთ იმას, რაც გააკეთეთ 31 ოქტომბრამდე, 31 ოქტომბერს და რასაც აკეთებს ცესკო-ს თავმჯდომარე ბიძინა ივანიშვილის დავალებით დღემდე“, – განაცხადა დეკანოიძემ.

„ნაციონალური მოძრაობის“ მაჟორიტარობის კანდიდატმა ხვალინდელ აქციაში მონაწილეობისკენ მოუწოდა.

„ყველას მინდა მოგმართოთ, იმისთვის, რომ ეს ამორალურობა დასრულდეს, იმისთვის, რომ ეს ფსკერი, უტიფრობა, სუს-ის ზეწოლა, საარჩევნო კომისიების წევრებზე მასიური ზეწოლა, ადამიანების დაჩაგვრა, სახელმწიფო მანქანის წნეხის ამოქმედება, ყველა ადამიანზე, მოქალაქეზე დასრულდეს, ხვალ უნდა მივიდეთ რუსთაველზე 15:00 საათზე და უნდა ვუთხრათ ამ ძალადობას უარი“, – განაცხადა დეკანოიძემ.

„ქართული ოცნების“ საარჩევნო სიის წევრის, გიორგი ხელაშვილის ბრიფინგზე ცნობილი გახდა, რომ 43 წლის ასაკში გარდაიცვალა ისნის საოლქო საარჩევნო კომისიის თავმჯდომარე თედო გობეჯიშვილი.

ხელაშვილის განცხადებით, „ნაციონალური მოძრაობის“ აქტივისტები რეპრესიებით ემუქრებოდნენ ისნის საოლქო საარჩევნო კომისიის თავმჯდომარეს.

ისნის საოლქო საარჩევნო კომისიის თავმჯდომარის გარდაცვალების ფაქტზე შინაგან საქმეთა სამინისტრომ გამოძიება დაიწყო.