ხატია დეკანოიძე - ფარული მოსმენა, მერე ამის აწყობა, ხმების დადება, ეს არის ზუსტად ის, რაც დაღუპავს ამ ხელისუფლებას
ხატია დეკანოიძე - ფარული მოსმენა, მერე ამის აწყობა, ხმების დადება, ეს არის ზუსტად ის, რაც დაღუპავს ამ ხელისუფლებას

ფარული მიყურადება, ფარული მოსმენა, მერე ამ მოსმენების აწყობა, ხმების დადება და ა.შ, ეს არის ზუსტად ის, რაც დაღუპავს ამ ხელისუფლებას, – ასე უპასუხა „ნაციონალური მოძრაობის“ წევრმა, ხატია დეკანოიძემ ჟურნალისტების კითხვას, რომელიც უკრაინული გამოცემის მიერ გავრცელებულ ჩანაწერებს ეხებოდა. საუბარია ჩანაწერზე, რომელშიც, სავარაუდოდ, საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის ბიძა თემურ ალასანია და გუბაზ სანიკიძე, ასევე სალომე სამადაშვილი საუბრობენ.

როგორც ხატია დეკანოიძემ აღნიშნა, ვებგვერდი, სადაც ჩანაწერები გამოქვეყნდა, განთქმულია, ფეიკკონსპირაციებით.

„ეს არის რუსების ვებგვერდი, რომელიც ძალიან ხშირად აკეთებს საუბრის ჩანაწერების მსგავს აწყობილ სხვადასხვა ვერსიებს. ამიტომ, ფარული მიყურადება, ფარული მოსმენა, მერე ამ მოსმენების აწყობა, ხმების დადება და ა.შ, ეს არის ის ზუსტად, რაც დაღუპავს ამ ხელისუფლებას, რადგან რეალურად სახელმწიფო გადატრიალებაზე „ქართული ოცნების“ მხრიდან 2012 წლიდან ყველას გვესმის მსგავსი განცხადებები. გვახსოვს ჭიკაიძის საბურავების საქმე, გვახსოვს სხვადასხვა საქმეები, რომლებიც არც ერთი არ მიყვანილა ბოლომდე. „ქართული ოცნების“ ამორალურობის ფსკერი, კობახიძე რომ ვერ გამოვიდა და ე.წ. ახალი სახეები გამოაგორეს, ეს არის ყველაფერი ის, რითაც ცდილობენ, რომ ბევრი ადამიანი არ მივიდეს 8 ნოემბრის აქციაზე“, – განაცხადა ხატია დეკანოიძემ.

მისივე თქმით, აქციაზე მივა ძალიან ბევრი ადამიანი, არავის არ ეშინია არც ხმების აწყობის, არც ფარული ჩანაწერების შეთითხვნის, არც გამოქვეყნების.

„ჩვენ არ გვეშინია, რადგან თავი გვაქვს გადადებული იმისთვის, რომ ამ ქვეყანას ეს კაცი ჩამოსცილდე. ამიტომ მე, ჩემი შინაგანი განწყობა მინდა გითხრათ, რომ როდესაც ხელისუფლება ფარულ ჩანაწერებსა და შეთითხნილ ჩანაწერებს იყენებს, აი, ზუსტად იქ მთავრდება ხელისუფლება. როგორ შეიძლება „ობოზრევატელზე“ გამოქვეყნებული ჩანაწერი ავთენტური იყოს, რუსების მიერ გამოქვეყნებული. მე უკრაინაში ყველა გვერდი ვიცი და ყველა ინტერნეტწყარო ვიცი როგორია და ვინ არის. ჩვეულებრივად რუსების შეკვეთებზე მუშაობს „ობოზრევატელი“, – განაცხადა ხატია დეკანოიძემ.