ხატია დეკანოიძე - სამწუხაროა, რომ ჩემი ყოფილი თანაპარტიელები რაღაც დანაშაულზე და პრივილეგიებზე საუბრობენ, თუ იმას ამბობენ, რომ შეიძლება, ფრაქცია დაეშალოთ, ეს მათი შეურაცხყოფაა, ვინც ფრაქციაშია
ხატია დეკანოიძე - სამწუხაროა, რომ ჩემი ყოფილი თანაპარტიელები რაღაც დანაშაულზე და პრივილეგიებზე საუბრობენ, თუ იმას ამბობენ, რომ შეიძლება, ფრაქცია დაეშალოთ, ეს მათი შეურაცხყოფაა, ვინც ფრაქციაშია

ძალიან სამწუხაროა, რომ ჩემი ყოფილი თანაპარტიელები რაღაც დანაშაულზე და პრივილეგიებზე საუბრობენ. თანამდებობრივად ამაზე უკეთესი პრივილეგიებიც მქონია პარტიაში და ფრაქციის თავმჯდომარეც ვიყავი. შემეძლო, პარტიის თავმჯდომარეობის კანდიდატიც ვყოფილიყავი, – ამის შესახებ ოპოზიციონერმა დეპუტატმა, ხატია დეკანოიძემ განაცხადა.

მისი თქმით, „თუ მათი ფრაქციის წევრები ხმას კლანის გაძლიერებას აძლევენ და შემდეგ ეს ამ ინიციატივაზე გადმოაქვთ, წარმოუდგენელია“.

„ვერ ვხვდები, რა გარიგებაზე საუბრობენ. თუ იმას ამბობენ, რომ შეიძლება ფრაქცია დაეშალოთ, ეს იმ ადამიანების შეურაცხყოფაა, ვინც მათ ფრაქციაშია. პარტია კონკრეტული მიზეზების გამო დავტოვე და ჩემი პოზიციები მათაც ვუთხარი, ვინც დღეს კითხვებს მისვამდნენ. ჩემი დისკრედიტაცია ახლა არ დაწყებულა. პარტიის დატოვების შემდეგ თაკო ჩარკვიანმა მე და ნიკა მელია ბიძინა ივანიშვილთან გარიგებაში დაგვადანაშაულა. რატომღაც თავდასხმების ესტაფეთა იმ ადამიანების ხელში გადავიდა, ვისგანაც ამას არ ველოდი, რადგან მათ პარტიულ პრობლემებზე ჩემი დამოკიდებულება იცოდნენ. ამ ყველაფერს ჩემი დისკრედიტაციის მცდელობა აქვს. სამწუხაროა, ეს იმ ადამიანების მიერ ხდება, ვინც ჩვენს პოლიტიკურ საქმიანობას იცნობენ. მათი პოზიციების ერთ-ერთი მიზეზია ფრაქციის დაშლის შიშები და ის, რომ მომავალში საპარლამენტო საქმიანობით არ გაძლიერდეს ახალი პარტია, რომელიც ნამდვილად შეიძლება შეიქმნას. აქტიურ პოლიტიკაში ვრჩები, რომან გოცირიძეც. ჩვენ ჯერ გეგმებზე არ გვისაუბრია, მაგრამ სხვადასხვა პარტიასთან თანამშრომლობით, ახალი პარტიის შექმნით, პირადად სხვადასხვა გეგმას განვიხილავ. ამიტომ ასეთი შიში არის ისიც, რომ ახალ პარტიას, ჩემს პოლიტიკურ პლატფორმას არ ჰქონდეს დამატებით შესაძლებლობები და ინსტრუმენტები საქართველოს პარლამენტში. რაც შეეხება პარტიას, სხვადასხვა მიმართულებით პროაქტიულ პოლიტიკას განვიხილავ. ჩემთვის უცნაურია, როცა ქალ პოლიტიკოსებს ყოველთვის კაცებთან აწყვილებენ. ვფიქრობ, ქალებმაც შეიძლება შევქმნათ დამატებით პოლიტიკური პარტია, ეს ნახევრად ხუმრობით. შესაძლებელია ეს ყველაფერი იყოს შინაგანი ფანტომური ტკივილი, რომ ახალ პოლიტიკურ ძალებს, რომლებიც შეიძლება შეიქმნას, დამატებით წარმომადგენლობა არ ჰქონდეთ“, – განაცხადა დეკანოიძემ.