ხატია დეკანოიძე - დღეს პარლამენტის პიკეტირება არ ყოფილა, პიკეტირება არ იქნება
ხატია დეკანოიძე - დღეს პარლამენტის პიკეტირება არ ყოფილა, პიკეტირება არ იქნება

ჯერჯერობით, „ქართული ოცნების“ მხრიდან არ გვაქვს არავითარი წინგადადგმული ნაბიჯი, – განაცხადა „ნაციონალური მოძრაობის“ წარმომადგენელმა, ხატია დეკანოიძემ.

ამასთან, დეკანოიძის თქმით, ევროპის ყველაზე მნიშვნელოვანი თანამდებობის პირის მედიაციით დაწყებული პროცესი პატარა, მაგრამ მაინც მიღწევაა.

ხატია დეკანოიძემ ისაუბრა ოპოზიციის დღევანდელ შეხვედრაზე და აღნიშნა, რომ ის საკოორდინაციო სახის იყო.

„მათ შორის, ვისაუბრეთ პრემიერ-მინისტრის დღევანდელ განცხადებაზე, რომელიც ნამდვილად არ არის პოლიტიკური კრიზისის განმუხტვის ხელშეწყობა და ჩვენი პარტნიორების მოლოდინი. ის დათქმა, რომელიც დატოვა ბატონმა მიშელმა გუშინ, ძალიან მნიშვნელოვანია. პრემიერის ასეთი რიტორიკა არ უწყობს ხელს პოლიტიკური კრიზისის განმუხტვას. ჩვენ ვთქვით, რომ ის ჩარჩო შეთანხმებაში, რომელიც დარჩა გუშინ მაღალი ხარისხის მედიაციიდან, არის უმნიშვნელოვანესი საკითხები. პირველი – პოლიტპატიმრების, ნიკა მელიასა და გიორგი რურუას გათავისუფლება და მეორე, რიგგარეშე არჩევნები, რაც შემდეგ დათქმით უნდა ჩაიტანონ ევროპაში ხელისუფლების წარმომადგენლებმა და ასეთი რიტორიკით არ იქნება ადვილი. ასევე, ვისაუბრეთ იმაზე, რომ არასწორად არ მოხდეს კომუნიკაცია საქართველოს მოქალაქეებთან, საერთაშორისო პარტნიორებთან. გვაქვს პროტესტის უფლება და იმის უფლებას არ მივცემთ, რომ რაღაც სხვა რიტორიკა და პროპაგანდა შემოგვთავაზონ. ჩვენ ვისაუბრებთ ასევე აქციების სხვადასხვა მოდიფიკაციაზე. ვიმსჯელეთ ფორმებზე, პიკეტირება დღეს არ ყოფილა და პიკეტირება არ იქნება“, – განაცხადა დეკანოიძემ.

საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი ღარიბაშვილმა განაცხადა, რომ ხელისუფლების პრინციპული პოზიცია ვადამდელ არჩევნებზე არის უცვლელი, ეს არის წითელი ხაზი, საკითხი, რომელიც არ განიხილება.

„ჩვენი გუნდი ვმოქმედებთ და ვიმოქმედებთ მხოლოდ ქვეყნის, ხალხის ინტერესების და არა რომელიმე კონკრეტული პარტიების პირადი ახირების, თუ ინტერესების შესაბამისად. პარტიებს თუ სურთ რეალური დიალოგის დაწყება, ჩვენ ამისთვის გავხსენით შესაბამისი ფორმატი და მზად ვართ, გავაგრძელოთ“, – განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.