ხატია დეკანოიძე – დანიშნავენ ვადამდელ არჩევნებს ან ოპოზიციას ვერ იხილავენ საპარლამენტო დარბაზში, რაც უნდა მუქარების კორიანტელი დააყენონ

14:16, 17.12.2020

დანიშნავენ ვადამდელ არჩევნებს, ან ოპოზიციას ვერ იხილავენ საპარლამენტო დარბაზში, რაც არ უნდა მუქარების კორიანტელი დააყენონ, – ასე გამოეხმაურა „ნაციონალური მოძრაობის“ წევრი, ხატია დეკანოიძე „ქართული ოცნების“ აღმასრულებელი მდივნის, ირაკლი კობახიძის განცხადებას ახალ კანონპროექტთა პაკეტის თაობაზე.

დეკანოიძის შეფასებით, ხელისუფლებას ისე უნდა ოპოზიციის პარლამენტში შესვლა, რომ უკვე ღია შანტაჟსა და მუქარასაც აღარ ერიდება.

„აშკარად სახეზეა, რომ ცოტა ნერვებმა უმტყუნათ ამ ბოლო პერიოდში. ისე უნდათ, რომ ოპოზიცია პარლამენტში შევიდეს, რომ უკვე ღია შანტაჟს და მუქარასაც აღარ ერიდებიან, მაგრამ ჩვენ, „ნაციონალურ მოძრაობას“ ნამდვილად არ გვაშინებს არც მათი მუქარა, არც შანტაჟი და არც მათი ე.წ. გაფრთხილება. ასევე, არ გვაშინებს ღიად იმაზე საუბარი, რომ თქვენ ფულს არ მოგცემთო და შედარებით მცირე პარტიებსაც ემუქრებიან. ეს ჩვენზე არ მოქმედებს, რაც „ქართულმა ოცნებამ“ რვა წლის განმავლობაში ძალიან კარგად გაიგო. ამიტომ ახლა ზღვარზე არიან, რა ქნან, ლეგიტიმური პარლამენტი არ არსებობს. პარლამენტს, რომელსაც საკონსტიტუციო უმრავლესობა არ აქვს, ლეგიტიმური ვერ იქნება შინაარსობრივად. შესაბამისად, ან დანიშნავენ ვადამდელ არჩევნებს, ან ოპოზიციას ვერ იხილავენ საპარლამენტო დარბაზში, რაც არ უნდა მუქარების კორიანტელი დააყენონ.

კარგია, რომ პარტიებს დაემუქრნენ, მერე რა პასუხს მიიღებენ საერთაშორისო საზოგადოებისგან, ამას ძალიან მალე ვნახავთ. განწყობა, რომელიც არის ივანიშვილის მიმართ, არსად არ გამქრალა, მათ შორის საერთაშორისო პარტნიორების მხრიდან.

პარტიები ბოიკოტს აცხადებენ ზუსტად იმ ანტისახელმწიფოებრივი კრიმინალური აქტის გამო, რომელიც მათ ჩაიდინეს არჩევნების გაყალბებით. პოლიტიკური კრიზისის განმუხტვის გზა არის ვადამდელი არჩევნები“, – განაცხადა ხატია დეკანოიძემ.

შეგახსენებთ, ირაკლი კობახიძემ ბრიფინგზე განაცხადა, რომ პარლამენტში დარეგისტრირდა კანონპროექტთა პაკეტი, რომლის თანახმად, პარტიას, რომლის წევრებსაც შეუწყდებათ საპარლამენტო მანდატები ან რომლებიც საპარლამენტო მუშაობაში არ ჩაერთვებიან, სახელმწიფო დაფინანსება შეუწყდებათ ან ერთი წლით შეუჩერდებათ. ამასთან, შრომის ანაზღაურება გაუნულდებათ პარლამენტის იმ წევრებს, რომლებიც თვის განმავლობაში არც ერთ პლენარულ სხდომას არ დაესწრებიან.

გარდა ამისა, პროექტი ითვალისწინებს იმ პოლიტიკური პარტიის საარჩევნო რეგისტრაციის გაუქმებას, რომლის წინასაარჩევნო აგიტაციაში პოლიტიკური ლიდერის რანგში მონაწილეობას მიიღებს პირი, რომელიც არ აკმაყოფილებს კონსტიტუციით დადგენილ რომელიმე ცენზს.

მსგავსი