ხატია დეკანოიძე - ბიძინა ივანიშვილს არ უნდა პასუხისმგებლობის აღება ქვეყანაში არსებულ მძიმე ვითარებაზე და დეკლარირებულად გადავიდა ჩრდილში
ხატია დეკანოიძე - ბიძინა ივანიშვილს არ უნდა პასუხისმგებლობის აღება ქვეყანაში არსებულ მძიმე ვითარებაზე და დეკლარირებულად გადავიდა ჩრდილში

„ნაციონალური მოძრაობის“ წევრის ხატია დეკანოიძის შეფასებით, ბიძინა ივანიშვილს არ სურს პასუხისმგებლობის აღება ქვეყანაში არსებულ მძიმე ვითარებაზე და „დეკლარირებულად გადავიდა ჩრდილში“.

„ყველა ადამიანს, ვინც ახლა ცხოვრობს საქართველოში და ყურადღებით აკვირდებოდა ქვეყანაში განვითარებულ მოვლენებს, გაუჩნდება ერთადერთი აზრი – დეფოლტის წინაშე მდგარი ქვეყანა, უმძიმესი სოციალურ-ეკონომიკური ვითარება, უმძიმესი ვითარება ჯანდაცვის კუთხით და, რა თქმა უნდა, პოლიტიკური კრიზისი, ბიძინა ივანიშვილმა ყველაფერ ამაზე პასუხისმგებლობა დააკისრა საკუთარ გუნდს და „ქართულ ოცნებას“, დეკლარირებულად გადავიდა ჩრდილში, რაც ნიშნავს იმას, რომ, რა თქმა უნდა, ეს არის უბრალოდ დეკლარირებული გაქცევა, როდესაც არ უნდა პასუხისმგებლობის აღება იმ ძალიან მძიმე ვითარებაზე, რომელიც არის დღეს ქვეყანაში და კიდევ უფრო დამძიმდება.

შესაბამისად, ვფიქრობ, მის წასვლაში განსაკუთრებული არაფერია, რამდენადაც იგი წასულა ერთხელ პოლიტიკიდან, ისევ მობრუნდა. აქ ყველაზე მნიშვნელოვანია – ზუსტად იკვეთება წერილში, რომ მას არ უნდა, პასუხისმგებლობა აიღოს ძალიან მძიმე მოვლენებზე, რომელიც განვითარდება ქვეყანაში სოციალური და ეკონომიკური კუთხით. პირდაპირ ღიად უთხრა საკუთარ გუნდს, რომ ახლა ყველაფერზე პასუხისმგებლეობა გეკისრებათ თქვენ. ამიტომ მე „ქართული იცნების“ პოლიტიკური ლიდერების ადგილზე აუცილებლად ჩავფიქრდებოდი ამაზე“, – განაცხადა ხატია დეკანოიძემ.

დეკანოიძის თქმით, ბიძინა ივანიშვილმა საქართველოს ცხრა წლიანი მმართველობის პერიოდში უმძიმესი მემკვიდრეობა დაუტოვა.

„ეს არის სიღარიბე, გაჭირვება, მიტაცებული ინსტიტუტები, პრატიკულად არაფორმალური მმართველობა და არაფორმალური ეკონომიკა, რომელიც იმართება ფარცხალაძე-მამაცაშვილი-ჩხარტიშვილის ხელით. ამიტომ ის ამ პასუხისმგებლობას ნამდვილად ვერ გაექცევა“, – განაცხადა ხატია დეკანოიძემ.

ამასთან, დეკანოიძე გამოეხმაურა ოპოზიციის მიმართ კრიტიკასაც.

„გასაგებია, წერილში ივანიშვილი მიღწევებზე ვერ ისაუბრებდა, ვერ ისაუბრებდა გარღვევაზე ეკონომიკის, ტექნოლოგიური ან ჯანდაცვის კუთხით, ვერ ისაუბრებდა ადამიანების კეთილდღეობაზე, რადგან უმძიმეს მდგომარეობაშია ქვეყანა და კიდევ უფრო დამძიმდება, ამიტომ გასაგებია, რომ გამოიყენა ჩვეულებრივი სიძულვილის ენა ოპოზიციის და განსაკუთრებით, „ნაციონალური მოძრაობის“ მიმართულებით, რაც ნამდვილად არ მაკვირვებს, რადგან ეს არის ჩვეულებრივი „ქართული ოცნების“ და ამ არაფორმალური მმართველობის მუდმივი ხაზი. აკრიტიკონ „ნაციონალური მოძრაობა“ და ოპოზიცია, რადგან 9-წლიანი მართველობის შემდეგაც სხვა სათქმელი ნამდვილად არ აქვთ“, – განაცხადა ხატია დეკანოიძემ.

გარდა ამისა, ხატია დეკანოიძის განცხადებით, ბიძინა ივანიშვილს და „ქართულ ოცნებას“ ჰქონდათ შანსი, რომ 31 ოქტომბერს ხელისუფლება მშვიდობიანად გადაებარებინათ.

„სამწუხაროდ, მათ ეს შანსი არ გამოიყენეს და გაყალბებული არჩევნებით ძალაუფლება კიდევ უფრო მიიტაცეს. რაც შეეხება ოპოზიციას, ბიძინა ივანიშვილს არ უნდა ოპოზიცია, რომელიც არის დასავლეთზე ორიენტირებული, რომელიც იზრუნებს ქვეყნის ჭაობიდან ამოყვანაზე, სამართლიან ინსტიტუტებზე. ივანიშვილს სურს ოპოზიცია, რომელიც ახლა ჰყავს პარლამენტში – სამკაციანი ოპოზიცია გაურკვეველი იდეოლოგიის და გაურკვეველი პოლიტიკური წარსულის მქონე ადამიანები, რომლებმაც ნაფტალინის სუნი მოიტანეს პარლამენტში“, – განაცხადა ხატია დეკანოიძემ.

ამასთან, დეკანოიძის შეფასებით, ივანიშვილს საერთაშორისო სანქციების ეშინია.

„სანქციები ისეთი რამ არის, ისეთი ბერკეტია თავისუფალი მსოფლიოსი, მას ვერც ერთ ქვეყანაში ვერ გაექცევი“, – დასძინა ხატია დეკანოიძემ.

ბიძინა ივანიშვილმა პოლიტიკიდან წასვლის შესახებ ღია წერილი გამოაქვეყნა.