ხატია დეკანოიძე - აშშ-ის საელჩოსა და კარლ ჰარცელის განცხადებები კიდევ ერთხელ ასახავს მძიმე რეალობას ქვეყნის საგარეო პოლიტიკურ ორიენტაციასთან დაკავშირებით
ხატია დეკანოიძე - აშშ-ის საელჩოსა და კარლ ჰარცელის განცხადებები კიდევ ერთხელ ასახავს მძიმე რეალობას ქვეყნის საგარეო პოლიტიკურ ორიენტაციასთან დაკავშირებით

პროკურორის არჩევის წესის ჩაგდებით, მმართველ პარტიაში კიდევ ერთხელ ხაზი გაუსვეს, რომ კანონის უზენაესობის სფეროში უმძიმესი დარღვევით და ჩავარდნით, საქართველო სცილდება ევროატლანტიკურ მისწრაფებებს, იმ ადგილს, რომელიც არის ჩვენი ისტორიული ადგილი ევროპაში, – ამის შესახებ „ნაციონალური მოძრაობის“ წევრმა ხატია დეკანოიძემ განაცხადა.

მისივე თქმით, 19 აპრილის შეთანხმებით გათვალისწინებულ საკონსტიტუციო ცვლილებებზე საქართველოში ევროკავშირის ელჩისა და საქართველოში აშშ-ის საელჩოს განცხადებები კიდევ ერთხელ ასახავს მძიმე რეალობას ქვეყნის საგარეო პოლოტიკურ ორიენტაციასთან დაკავშირებით.

„იმ მდგომარეობაში, როცა ამ ხელისუფლების პირობებში ქვეყანა ყოველდღიურად სცილდება ევროატლანტიკურ კურსს, როდესაც ხელისუფლების ხელმძღვანელების და მმართველი პარტიის ლიდერების მიერ გაკეთებული პოლიტიკური განცხადებები მიუთუთებს, რომ საქართველოს ხელისუფლებას არ აინტერესებს საქართველოს ევროატლანტიკური კურსი, საკონსტიტუციო ცვლილებების ჩაგდებით, კერძოდ პროკურორის არჩევის წესის ჩაგდებით, კიდევ ერთხელ ხაზი გაუსვეს, რომ პრაქტიკულად კანონის უზენაესობის სფეროში უმძიმესი დარღვევით და ჩავარდნით, საქართველო სცილდება ევროატლანტიკურ მისწრაფებებს და იმ ადგილს, რომელიც არის ჩვენი ისტორიული ადგილი ევროპაში.

ამასთან დაკავშირებით ასევე გავრცელდა აშშ-ის საელჩოს და ბატონი ჰარცელის განაცხადება, ამ განცხადებებში ძალიან მნიშვნელივნად არის ხაზგასმული რამდენიმე ძირითადი ფაქტორი, რომელზეც უნდა გამახვილდეს ყურადღება. პირველი, ის რომ კანონის უზენაესობის სფეროში უმძიმესი ვითარებაა, რაც გამოიხატა საპარლამენტო საქმიანობის დროს შეთანხმების დარღვევით მოსამართლეების დანიშვნით, ასევე პროკურორის დანიშვნის წესის ჩაგდებით. მეორე, ზოგადი პოლიტიკური მართლმსაჯულებით. კიდევ უფრო აშორებს ქვეყანას ევროატლანტიკური კურსიდან ის, რომ არ არის სანდოობა მართლმსაჯულების და კრიმინალური იუსტიციის.

ბატონი ჰარცელის განცხადებით, ასევე კანონის უზენაესობის პრინციპების გაუთვალისწინებლობა, „ქართული ოცნების“ მიერ ნაკისრი ვალდებულებების შეუსრულებლობა, კიდევ უფრო აზიანებს ასოცირების შეთანხმების შესრულების იმ ვალდებულებებს, რომელიც საქართველოს აკისრია, რათა ევროკავშირის წევრი ქვეყანა გახდეს. გარდა ამისა, განცხადებაში ასევე ნათლად არის ხაზგასმული, რომ მაკროსაფინანსო დახმარება, რომელიც უნდა ყოფილიყო 75 მლნ ოდენობით, სწორედ იმიტომ შეჩერდა, რომ საქართველოს ხელისუფლებამ ვერ შეასრულა ნაკისრი ვალდებულებები მართლმსაჯულების სფეროში განხორციელებული რეფორმების კუთხით. ჩააგდო 19 აპრილის შეთანხმებაში არსებული კანონის უზენაესობის ყველა პუნქტი. შესაბამისად, ეს განცხადებები კიდევ ერთხელ ასახავს იმ ძალიან მძიმე რეალობას, რომელიც ჩვენს გვაქვს ქვეყნის საგარეო პოლიტიკურ ორიენტაციასთან დაკავშირებით“, – აღნიშნა ხატია დეკანოიძემ.

საქართველოს პარლამენტის მიერ პირველი მოსმენით განხილულ, 19 აპრილის შეთანხმებით გათვალისწინებულ საკონსტიტუციო ცვლილებებთან დაკავშირებით, საქართველოში ევროკავშირის ელჩმა კარლ ჰარცელმა განცხადება გაავრცელა.

​ჰარცელის თქმით, ევროკავშირი წუხილს გამოთქვამს, რომ მმართველმა პარტიამ მხარი არ დაუჭირა სასამართლო სისტემის რეფორმასთან დაკავშირებულ კიდევ ერთ ვალდებულებას, ასევე, ევროკავშირი კვლავ მოუწოდებს ყველა პარტიას, „გაზრდილი ძალისხმევით ერთად იმუშაონ პარლამენტში ინკლუზიური პროცესის საშუალებით სასამართლო სისტემის ძირითადი რეფორმების განსახორციელებლად“.

ასევე, განცხადება გაავრცელა საქართველოში აშშ-ის საელჩომაც, სადაც აღნიშნულია, რომ „დღეს პარლამენტის მიერ საკონსტიტუციო ცვლილების ჩაგდება, რომელიც მიზნად ისახავდა მთავარი პროკურორის დანიშვნისთვის ფართო, მრავალპარტიულ მხარდაჭერას, კიდევ ერთი გაშვებული შესაძლებლობაა, საქართველოს ჰქონდეს დამოუკიდებელი, გამჭვირვალე და მიუკერძოებელი მართლმსაჯულების სისტემა“.

ამასთან, განცხადებაში ნათქვამია, რომ „ქართულმა ოცნებამ“ და ოპოზიციურმა პარტიებმა პირობა დადეს, განაახლებდნენ ძალისხმევას, ერთობლივად იმუშავებდნენ პარლამენტში მართლმსაჯულების სისტემის რეფორმაზე და მათ პირობა უნდა შეასრულონ.

ასევე, საელჩო განმარტავს, რომ „ქართული ოცნების“ უარი მთავარი პროკურორის არჩევასთან დაკავშირებული ცვლილებებისთვის მხარდაჭერაზე, ეწინააღმდეგება პარტიის გაცხადებულ ნებას, მიეღო საკონსტიტუციო ცვლილებები 19 აპრილის შეთანხმების შესაბამისად“. საელჩოს განცხადებით, ეს წარმოადგენს მმართველი პარტიის კიდევ ერთ გატეხილ პირობას, მართლმსაჯულების სისტემის მეტად საჭირო რეფორმების განსახორციელებლად.

საკონსტიტუციო ცვლილებების შესაბამისად, მომდევნო ორი მოწვევის პარლამენტში საარჩევნო ბარიერი ხუთიდან ორ პროცენტამდე მცირდება. იცვლება ფრაქციების დაკომპლექტების წესი და მას შვიდის ნაცვლად, ოთხი დეპუტატი შექმნის. პოლიტიკურ მხარეებს შორის მიღწეული შეთანხმებით, კონსტიტუციური პროექტიდან ამოღებულია ჩანაწერი იმის თაობაზე, რომ კვალიფიციურმა უმრავლესობამ უნდა აირჩიოს სამი ეტაპის შედეგად გენერალური პროკურორი. ძალაში დარჩება მოქმედი ნორმა, რომლის გათვალისწინებითაც, გენერალურ პროკურორს პარლამენტი ირჩევს ექვსი წლის ვადით, 76 დეპუტატის მიერ. ცვლილება კონსტიტუციის გარდამავალ დებულებებში აისახება. ახალი ნორმები დროებითი ხასიათის იქნება და მომდევნო ორი მოწვევის პარლამენტისთვის იმოქმედებს.

დატოვე კომენტარი