ხატია დეკანოიძე - არ ვემხრობი არც ბოიკოტს, არც მანდატების დატოვებას, თუ პროცესის რადიკალიზაცია არასწორად წავიდა, ეს იქნება უმძიმესი პრობლემა პარტიისთვის და მიშასთვის
ხატია დეკანოიძე - არ ვემხრობი არც ბოიკოტს, არც მანდატების დატოვებას, თუ პროცესის რადიკალიზაცია არასწორად წავიდა, ეს იქნება უმძიმესი პრობლემა პარტიისთვის და მიშასთვის

„ნაციონალური მოძრაობის“ წევრი ხატია დეკანოიძე აცხადებს, რომ საპარლამენტო ბოიკოტსა და მანდატების დატოვებას არ ემხრობა.

როგორც დეკანოიძე სოციალურ ქსელში წერს, პროცესის რადიკალიზაცია თუ არასწორად წავიდა, ეს იქნება უმძიმესი პრობლემა პარტიისთვის და მიხეილ სააკაშვილისთვის.

მისივე თქმით, ახლა მნიშვნელოვანია, პარტნიორების ნდობა არ დაკარგონ.

„მე არ ვემხრობი უშედეგოდ არც საპარლამენტო, საკრებულოების ბოიკოტს, არც მანდატების დატოვებას. ახლა ყველაზე მნიშვნელოვანია, რაციონალურად შევხედოთ მოვლენებს და ჩვენი პარტნიორების ნდობა არ დავკარგოთ. ჩვენ ვიცით ჩვენი პარტნიორების განწყობები.

თუ პროცესის რადიკალიზაცია არასწორად წავიდა (მასობრივ პროტესტს არ ვგულისხმობ), ეს იქნება უმძიმესი პრობლემა პარტიისთვის და მიშასთვის. რაც უფრო მარგინალური პროცესებისკენ მიდის გზა, უფრო არ გაუშვებენ მიშას. მიშას საკითხის გადაწყვეტა არის საერთაშორისო მნიშვნელოვან ზეწოლაზე მუშაობა. ივანიშვილმა უნდა იგრძნოს საფრთხე. ამაზე ვმუშაობთ 1,5 წელი (ყველაფრის თქმა არ შემიძლია რიგი მიზეზების გამო). დღეს ის საპირისპიროს ხედავს. რაც უფრო ბევრს გვეყოფა უნარი რაციონალიზმის და საჯაროდ საუბრის სიმართლეზე, უკეთესია ჩვენი სამშობლოს ინტერესებისთვის“, – წერს დეკანოიძე.

პარლამენტში გამართულ ბრიფინგზე „ნაციონალური მოძრაობის“ წევრებმა განაცხადეს, რომ „ნაციონალური მოძრაობა“ აღარ მიიღებს მონაწილეობას საპარლამენტო საქმიანობაში და გააგრძელებენ კონსულტაციებს მანდატების დატოვებაზე. როგორც „ნაციონალური მოძრაობის“ წევრმა, ლევან ბეჟაშვილმა ბრიფინგზე განაცხადა, ფრაქციას მიღებული აქვს გადაწყვეტილება, პროტესტის კიდევ უფრო მძიმე ფორმები გამოიყენონ.

ამასთან, „ნაციონალური მოძრაობა“ დღეს, 17 საათზე მთავრობის ადმინისტრაციასთან აქციას გამართავს. გუშინ „ნაციონალური მოძრაობის“ წევრები და მხარდამჭერები საქართველოს პრემიერ-მინისტრის, ირაკლი ღარიბაშვილის სახლთან შეიკრიბნენ.