ხატია დეკანოიძე აცხადებს, რომ „შავ სიაში“ უნდა მოხვდეს ყველა, ვინც იღებს პოლიტიკურ გადაწყვეტილებას და არღვევს ადამიანის უფლებებს
ხატია დეკანოიძე აცხადებს, რომ „შავ სიაში“ უნდა მოხვდეს ყველა, ვინც იღებს პოლიტიკურ გადაწყვეტილებას და არღვევს ადამიანის უფლებებს

გუშინ ირაკლი კობახიძის განცხადებებმა რეალურად, მოგვცა დასტური, რომ მოსამართლეები და მოსამართლეების კლანი ძალიან ნერვიულობენ, რადგან პოლიტიკურ გადაწყვეტილებას იღებენ, – ამის შესახებ „ნაციონალური მოძრაობის“ წევრმა, ხატია დეკანოიძემ განაცხადა.

მისივე განცხადებით, მათი მღელვარება მართებულია.

„პოლიტიკური გადაწყვეტილებების შემდეგ ისინი ცივილიზებული სამყაროს ნაწილი ვერ იქნებიან ადამიანის უფლებების კონტექსტში. კლანი, რომელზეც სახელმწიფო დეპარტამენტი საუბრობს და სახელი, გვარები ამერიკის სახელმწიფი დეპარტამენტში ყველამ იცის, მათ შორის სენატსა და კონგრესში. ამიტომ მათი მღელვარება მართებულია“, – განაცხადა ხატია დეკანოიძემ.

ამასთან, დეკანოიძემ კომენტარი გააკეთა „შავ სიასთან“ დაკავშირებითაც და აღნიშნა, რომ სიაში უნდა მოხვდეს ყველა, ვინც იღებს პოლიტიკურ გადაწყვეტილებას და არღვევს ადამიანის უფლებებს.

„ყველა, ვინც იღებს პოლიტიკურ გადაწყვეტილებას და ადამიანის უფლებებს არღვევს. ისევე, როგორც მოლდოვაში, უკრაინაში და ბულგარეთში. ეს ცივილიზებული სამყაროს ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი ბერკეტია. რა დაერქმევა ჩამონათვალს, შავი სია, ახალი მაგნიცკის თუ კლანის სია, ამას გადამწყვეტი მნიშვნელობა არ აქვს“, – აღნიშნა დეკანოიძემ.

ცნობისთვის, „ნაციონალური მოძრაობის“ წევრმა, რომან გოცირიძემ პარლამენტის გუშინდელ პლენარულ სხდომაზე განაცხადა, რომ „უნდა შედგეს იმ მოსამართლეების, პროკურორებისა და ძალოვანი სტრუქტურის წარმომადგენელთა სია, რომლებიც ეწევიან პოლიტიკურ დევნას, ფეხქვეშ თელავენ სასამართლო სისტემას“.