ხატია დეკანოიძე აცხადებს, რომ საერთო სასამართლოებში კლანური მმართველობის შესწავლის მიზნით, პარლამენტში დროებითი კომისია უნდა შეიქმნას
ხატია დეკანოიძე აცხადებს, რომ საერთო სასამართლოებში კლანური მმართველობის შესწავლის მიზნით, პარლამენტში დროებითი კომისია უნდა შეიქმნას

ფრაქცია „ნაციონალური მოძრაობა-ძალა ერთობაშია“ დროებითი საპარლამენტო კომისიის შექმნის ინიციატივით გამოდის, რომელიც, ინიციატივის მიხედვით, საერთო სასამართლოებში კლანურ მმართველობას შეისწავლის.

როგორც დღეს გამართულ პრესკონფერენციაზე ფრაქციის თავმჯდომარემ, ხატია დეკანოიძემ განაცხადა, მთელი ცივილიზებული სამყარო, ისევე როგორც ქართული საზოგადოება, სასამართლო სისტემაში არსებულ ვითარებას უმძიმეს შეფასებას აძლევს.

მისი თქმით, სენატის საგარეო კომიტეტის უმაღლესი ტრიბუნიდან, ყველა საერთაშორისო ორგანიზაციიდან ხაზგასმული აქცენტია, რომ საქართველოს სასამართლოში მოქმედებს და თავხედურად პოლიტიკურ მართლმსაჯულებას ეწევა „კლანი“.

„კლანი ძირს უთხრის არა მხოლოდ მართლმსაჯულების სისტემას, არამედ მოქმედებს დემოკრატიის განვითარებაზე. ეს პირდაპირ კავშირშია იმასთან, რომ საქართველოში არ შემოდის ინვესტიციები, თავისუფალ ბიზნესს თავისუფალი სასამართლოს იმედი რა აქვს. ადამიანებს სასამართლოს მიმართ ყველა იმედი დაკარგული აქვს. საქართველოში არსებული „კლანური“ სასამართლო სისტემა მიწებებულია ხელისუფლებას და ყველა ხელისუფლების პირობებში კომფორტულად გრძნობს თავს. ეს მაშინ, როცა „ქართული ოცნება“ დამოუკიდებელი სასამართლოს დაპირებით მოვიდა. საქართველოს საერთო სასამართლოებში არსებული „კლანური“ ვითარება საგანგაშო ნიშნულს უახლოვდება, როცა „ქართული ოცნება“ იმ შეთანხმებას არღვევს, რომელსაც თავად მოაწერა ხელი”, – განაცხადა დეკანოიძემ.