ხატია დეკანოიძე აცხადებს, რომ ეპიდემიოლოგების მოწოდების შემთხვევაში, თუ ხელისუფლება არ გადადებს არჩევნებს, ოპოზიციას აქვს ერთადერთი ბერკეტი, ბოიკოტი გამოუცხადოს მას
ხატია დეკანოიძე აცხადებს, რომ ეპიდემიოლოგების მოწოდების შემთხვევაში, თუ ხელისუფლება არ გადადებს არჩევნებს, ოპოზიციას აქვს ერთადერთი ბერკეტი, ბოიკოტი გამოუცხადოს მას

„ნაციონალური მოძრაობის“ წევრის ხატია დეკანოიძის განცხადებით, აუციელებელია, ხელისუფლებამ, წამყვან ეპიდემიოლოგენთან ერთად, წარმოადგინოს, რა ღონისძიებები უნდა გატარდეს სასწრაფოდ, რათა ქვეყანაში ეპიდემიოლოგიური ვითარება გაუმჯობესდეს.

დეკანოიძის თქმით, „ნაციონალური მოძრაობა“ არ გამოსულა არჩევნების გადადების ინიციატივით, არამედ გამოთქვა მზადყოფნა, მოისმინონ არსებულ ვითარებაზე ეპიდემიოლოგების საჯარო განაცხადი.

ამასთან, ხატია დეკანოიძე განმარტავს, რომ ოპოზიციას არჩევნების გადადების არავითარი სამართლებრივი ბერკეტი არ აქვს გარდა იმისა, რომ ეპიდემიოლოგების მოწოდების შემთხვევაში, თუ ხელისუფლება არ მიიღებს შესაბამის გადაწყვეტილებას, ბოიკოტი გამოუცხადოს არჩევნებს.

„ჩვენი და ჩემი ძალიან მყარი პოზიციაა, რომ ქვეყანაში არსებულ უმძიმეს მდგომარეობაზე სრული პასუხისმგებლობა ეკისრება პირადად ღარიბაშვილს და ხელისუფლებას, რადგან მათ გადაწყვიტეს, რომ კოვიდ სიტუაცია და ეს უმძიმესი პანდემია გამოიყენონ სათავისოდ. როგორც მოხდა შარშან, როდესაც ეს სიტუაცია არჩევნების წინ გამოიყენეს სათავისოდ, ახლაც აპირებენ, რომ ადამიანების მსხვერპლი, ყოველი ადამიანის გარდაცვალება, რომელიც მათ არ ადარდებთ, იყოს მათი ძალაუფლების განმამტკიცებელი. ჩვენ არაერთხელ გვითქვამს, რომ აუციელებელია, ხელისუფლებამ, წამყვან ეპიდემიოლოგენთან ერთად, რომლებმაც ახლა გადაწყვიტეს, რომ პოლიტიკაში არ ერევიან, მაშინ, როდესაც „ქართული ოცნების“ პრეზენტაციებზე ლაღად დადიოდნენ, წარმოადგინოს ტრაექტორია, სად მიდის ქვეყანა, რა ღონისძიებები უნდა გატარდეს სასწრაფოდ, რომ გაუმჯობესდეს ეპიდემიოლოგიური სიტუაცია.

ოპოზიციას გადადების არავითარი ბერკეტი არ აქვს, ოპიზიციას არ გააჩნია რეალური, სამართლებრივი ბერკეტი, რომ არჩევნები ოფიციალურად გადადოს. შესაბამისად, მაშინ, როდესაც ხელისუფლება არც კი მსჯელობს იმაზე, რომ დაასტაბილუროს ვითარება და პირიქით, ღარიბაშვილი ყველაფერს აკეთებს, რომ საკუთარი ძალაუფლების განმტკიცებისთვის გამოიყენოს ეს ყველაფერი, ჩვენ მოვითხოვეთ, და მე პირადად რამდენჯერმე მოვითხოვე ეპიდემიოლოგების გეგმა და ამის შემდეგ შესაძლებელია უკვე მსჯელობა, როგორი იქნება ტრაექტორია, ქვეყნის განვითარება.

„ნაციონალური მოძრაობა“ არ გამოსულა არჩევნების გადადების ინიციატივით, ჩვენ ვთქვით, რომ მზად ვართ, მოვისმინოთ ეპიდემიოლოგების საჯარო, სიმართლეზე დაფუძნებული განაცხადი, თუ როგორი შეიძლება იყოს ეფექტი, განვითარება და ტრაექტორია, ამის შემდეგ მზად ვართ, დიდი ყურადღებით დავაკვირდეთ ამ ყველაფერს. შესაბამისად, „ქართული ოცნების“ განაცხადი, რომ ეპიდემიოლოგირი სიტუაციის ფონზე მხოლოდ „ნაც მოძრაობაზე“ საუბრობენ, ნიშნავს, თუ რამდენად არ აინტერესებთ ადამიანების სიცოცხლე.

ამ ფონზე, როდესაც 79 ადამიანი დაგვეღუპა, ღარიბაშვილი, ეს კომიკური ადამიანი, გამოდის და „ნაციონალური მოძრაობის“ დისკრედიტაციაზე საუბრობს, წარმოუდგენელია და ამას აუცილებლად გაეცემა პასუხი. იმ შემთხვევაში ვთქვით ჩვენ (გადადება), თუ გამოქვეყნდება ეპიდემიოლოგების გეგმა და ხელისუფლება გადადგამს ნაბიჯს, რომელიც უნდა იყოს პასუხისმგებლობით აღსავსე. მთელი პასუხისმგებლობა ეკისრებათ მათ, ჩვენ გვაქვს მხოლოდ ერთი ბერკეტი, იმ შემთხვევაში, თუ ხელისუფლება არ გადადებს არჩევნებს, ბოიკოტი გამოვუცხადოთ ამ არჩევნებს, სხვა ბერკეტი ოპოზიციას არ აქვს. გადმოდებაზე არ ვიცი, წინ როგორ უნდა გადმოიწიოს?“, – განაცხადა ხატია დეკანოიძემ.