„ხარისხის ინსპექციისა და უსაფრთხოების საგამოძიებო სამსახური“ შრომის ინსპექციის განცხადებას პასუხობს
ორგანიზაცია „ხარისხის ინსპექციისა და უსაფრთხოების საგამოძიებო სამსახური“ (უსს) შრომის ინსპექციის მიერ გავრცელებულ ინფორმაციას ეხმაურება, რომლის თანახმადაც,
გარკვეული ადამიანების ჯგუფები კომპანიებს თანხებს სძალავენ. ინსპექციის ინფორმაციით, მათთან შესულია რამდენიმე ოფიციალური განაცხადი ანალოგიური ხასიათის ქმედების სხვადასხვა დროს და სხვადასხვა პირთა მიმართ განხორციელების თაობაზე, რაც შესაძლოა, შეიცავდეს დანაშაულის ნიშნებს და მოითხოვს დამატებით სამართლებრივ რეაგირებას.
ინსპექცია აქვეყნებს იმ ცნობის ფოტოსაც, რომელიც, უწყების ინფორმაციით, შეიცავს სახელმწიფო სიმბოლიკის მსგავს ნიშნებს და მათი უფლებამოსილებების შესახებ ფიზიკურ და იურიდიულ პირთა შეცდომაში შეყვანის გზით, შრომის უსაფრთხოების საკითხებზე ახორციელებს ცალკეული სუბიეტების ინსპექტირებას და დაჯარიმების მუქარით, ახდენს სუბიექტებისაგან თანხების გამოძალვას.
ფოტოს თანახმად, ცნობა „ხარისხის ინსპექციისა და უსაფრთხოების საგამოძიებო სამსახურს“ (უსს) ეკუთვნის.
აღნიშნულთან დაკავშირებით საკუთარი პოზიცია უსს-მ საქართველოს პირველ არხს წერილობით მიაწოდა. განცხადებაში აღნიშნულია:
„საერთაშორისო ორგანიზაცია „ხარისხის ინსპექციისა და უსაფრთხოების საგამოძიებო სამსახური“ (უსს)-ს მოქმედებს საკუთარი ლოგოთი და საკუთარი სახელით, საკუთრებაში არსებული უნიფორმითა და უნიფორმაზე დამაგრებული ვიდეოკამერით და თავის საქმიანობას ახორციელებს მხოლოდ და მხოლოდ კანონიერი დოკუმენტაციით, (უსს) – თავის პარტნიორ ორგანიზაციებს ეხმარება (ინდ/მეწარმე შ.პ.ს ფიზიკურ თუ იურიდიულ პირებთან) სავალდებულო კანონების შესრულებაში, (უსს)-ს ხელშეკრულების საფუძველზე გამოუყოფს (ინდ/მეწარმე შ.პ.ს ფიზიკურ თუ იურიდიულ პირებს) კვალიფიცირებულ სპეციალისტებს, შრომის უსაფრთხოების სპეციალისტებს, ხარისხის მენეჯერის სპეციალისტებს „საფრთხის ანალიზისა და კრიტიკული საკონტროლო წერტილების (HACCP) მართვა“ „სურსათის უვნებლობისა და საინსპექციო კონტროლის სპეციალისტებს“ დეზინფექციის სამსახურს, უწევს იურიდიულ კონსულტაცა-დახმარებას, საბუღალტრო კონსულტაციას. უსს ასევე ეწევა ქველმოქმედებას. ორგანიზაციისთვისაც ცნობილია რომ ზოგიერთი ჯგუფები უკანონოდ იყენებენ სხვადასხვა ორგანოს სახელს. ორგანიზაციიდან ამა წლის ივნისის თვეში შეტანილი იქნა განცხადება სამართალდამცავ ორგანოში, ორგანიზაციისთვის ასევე ცნობილია რომ უსს-ს წინააღმდეგ ცდილობენ კომპრომანტების მოძიებას და უსს-ის იმიჯისა და სახელის შებღალვას, რაზედაც მიმართულია ამა წლის აგვისტო თვეში სამართალდამცავ ორგანოებისადმი. უსს-ს ჰყავს ასეულობით მადლიერი პარტნიორი და აქვს ასეულობით კვალიფიციურად შესრულებული სამუშაოს დოკუმენტაცია.“
შრომის ინსპექციაში აღნიშნულ განმარტებებთან დაკავშირებით კომენტარს არ აკეთებენ.