ხარაიშვილის გამოუყენებელი შანსი – „გიოტებორგი“ დამარცხდა (ვიდეო)

10:18, 13.07.2020

გიორგი ხარაიშვილის გუნდი შვედეთის ჩემპიონატის მეშვიდე ტურში დამარცხდა, თუმცა საქართველოს ნაკრების შემტევ ნახევარმცველს შეეძლო გუნდის გადარჩენა.

ალსვენსკანის მორიგ ტურში ქართველის გუნდმა „გიოტებორგმა“ ლიდერთა ჯგუფის წარმომადგენელ „დიურგარდენს“ უმასპინძლა და 34-ე წუთისთვის 0:2-ს აგებდა.

35-ე წუთზე ხარაიშვილის გადაცემის შემდეგ „გიოტებორგის“ ნახევარმცველი ნოა ალექსანდერსონი სტუმართა მცველმა საკუთარ საჯარიმოში წააქცია და არბიტრმა პენალტი დანიშნა, რომელიც ქართველმა ნახევარმცველმა შეასრულა, მაგრამ მეკარე პერ-კრისტიან ბრატვეიტმა ბურთი მოიგერია, 61-ე წუთზე კი ხარაიშვილი შეცვალეს.

ზუსტად ერთ წუთში „გიოტებორგმა“ პენალტის დარტყმის უფლება მეორედ მიიღო, რომელიც სწორედ ქართველის შემცვლელმა ჰოსამ აიეშმა გოლად აქცია და საბოლოო ანგარიში დააფიქსირა – 1:2. „გიოტებორგმა“ შვიდი ტურის შემდეგ რვა ქულა მოიპოვა და მე-10 ადგილზეა.

მსგავსი