„ხალხის ძალის“ მიერ მომზადებული „უცხოელი აგენტების რეგისტრაციის შესახებ“ კანონპროექტის ინიცირება ბიუროს დღევანდელ სხდომაზე მოხდება
„ხალხის ძალის“ მიერ მომზადებული „უცხოელი აგენტების რეგისტრაციის შესახებ“ კანონპროექტის ინიცირება ბიუროს დღევანდელ სხდომაზე მოხდება

„ხალხის ძალის“ მიერ მომზადებული „უცხოელი აგენტების რეგისტრაციის შესახებ“ კანონპროექტის ინიცირება ბიუროს დღევანდელ სხდომაზე მოხდება.

კანონპროექტის მიხედვით, უცხოეთის აგენტად რეგისტრაციის ვალდებულება ნებისმიერ ფიზიკურ და იურიდიულ პირს ექნება, რომელიც დაფინანსებას უცხოეთიდან იღებს, თუმცა ცვლილებები არ გავრცელდება დიპლომატებზე, კონსულებზე, დიპლომატიური სამსახურისა და საკონსულო დაწესებულების თანამშრომლებზე.

კანონპროექფი არ ეხება უცხო ქვეყნის თანამდებობის პირებს, პირს, რომელიც საქველმოქმედო საქმიანობას ეწევა და პირს, რომელიც რელიგიურ, საგანმანათლებლო, მეცნიერულ, აკადემიურ ან სახელოვნებო საქმიანობას კეთილსინდისიერად ეწევა.

კანონპროექტის გათვალისწინებით, სუბიექტები, რომლებიც კანონით დადგენილ უცხოური ძალის აგენტის კრიტერიუმებს დააკმაყოფილებენ, ვალდებული იქნებიან, გენერალურ პროკურორს მიმართონ და უცხოური ძალის აგენტად რეგისტრირება მოითხოვონ. რეგისტრაციის ვალდებულების შეუსრულებლობა ან არაჯეროვნად შესრულება სისხლის სამართლის პასუხისმგებლობას იწვევს და იქნება დასჯადი ჯარიმით ან თავისუფლების აღკვეთით – ვადით ხუთ წლამდე.

„ხალხის ძალის“ მიერ მომზადებული ეს უკვე მეორე კანონპროექტია. წინა პროექტი უცხოური გავლენის აგენტებად ისეთი არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირებისა და მედიასაშუალებების რეგისტრაციას ითვალისწინებს, რომელთა შემოსავლის გარკვეული მოცულობა (20%-ზე მეტი) უცხოეთიდან არის მიღებული. ცვლილებებით, ყველა, ვინც უცხოური გავლენის აგენტად მოიაზრება, საჯარო რეესტრში სავალდებულო წესით ამავე სახელწოდების ბაზაში უნდა დარეგისტრირდეს.