ხაბიბის თქმით, დასტინ პორიეს შემდეგ სატიტულო ორთაბრძოლას ტონი ფერგიუსონი იმსახურებს
აბსოლუტური საბრძოლო ჩემპიონატის (UFC) ხელმძღვანელობა ხაბიბ ნურმაგომედოვისა და ტონი ფერგიუსონის ორთაბრძოლის ორგანიზება ოთხჯერ სცადა, თუმცა სხვადასხვა მიზეზების გამო ეს ორი მებრძოლი ოქტაგონზე ჯერჯერობით ერთმანეთს არ შეხვედრია.
მოგეხსენებათ, 7 სექტემბერს მსუბუქი წონის მოქმედი ჩემპიონი, დაუმარცხებელი დაღესტნელი აბუ დაბიში დასტინ პორიეს დაუპირისპირდება. ხაბიბი ცხრათვიან დისკვალიფიკაციას იხდიდა, რამდენიმე დღის წინ კი ერთ-ერთ ინტერვიუში განაცხადა, რომ იმ შემთხვევაში, თუ ის დასტინ პორიეს დაამარცხებს, მომდევნო სატიტულო ბრძოლას ტონი ფერგიუსონი იმსახურებს.
„მხოლოდ ტონი უნდა იყოს შემდეგი, ის იმსახურებს სატიტულო ბრძოლას, კიდევ ვინ? მე ვთვლი, რომ არავინ ტონის გარდა“, – განაცხადა ხაბიბმა UFC 242- ის საპრესკონფერენციო დღეს.
შეგახსენებთ, რომ ფერგიუსონმა ოქტაგონზე დაბრუნების შემდეგ ენტონი პეტისი და დონალდ სერონე დაამარცხა. ტონი 2012 წლის შემდეგ არ დამარცხებულა. მას ზედიზედ 12 ბრძოლაში აქვს გამარჯვება მოპოვებული.