კევინ კურანი - საქართველო ევრო 2024-ის მთავარი სენსაციაა, მე მიყვარს ასეთი თამამი გუნდები #1TVSPORT
საქართველოს ნაკრები ევროპის ჩემპიონატის მთავარი აღმოჩენაა – ამის შესახებ ორი ევროპული ქვეყნის ნაკრებების ვეტერანი ფეხბურთელები თანხმდებიან.
„აღმოსავლეთ ევროპას თუ გადავხედავთ, ყველა ჩვენი მეზობელი გავარდა. ვფიქრობ, სლოვაკეთი შესანიშნავი იყო. ჯგუფურ ეტაპზე საქართველომაც ძალიან კარგად ითამაშა. ამიტომ ტურნირის მთავარ აღმოჩენებად სლოვაკეთსა და საქართველოს დავასახელებ“, – განაცხადა სლოვაკეთის ნაკრების ყოფილმა თავდამსხმელმა, მარტინ იაკუბკომ.
მას ეთანხმება გერმანიის ეროვნული გუნდის ყოფილი თავდამსხმელი კევინ კურანი, რომელიც ყველაზე მეტად ევრო 2024-ზე საქართველოს ნაკრებმა გააოცა.
„მთავარი სენსაცია, რა თქმა უნდა, საქართველოს გამოსვლა იყო. ყოველთვის მშვენიერია გუნდების აღმოჩენა, პირველად რომ არიან მთავარ ტურნირზე, მაგრამ თამაშობენ თამამ ფეხბურთს და ჯგუფიდან დამსახურებულად გადიან. სამწუხაროა, რომ ვილი სანიოლის გუნდს წინ ურთულესი მეტოქე – ესპანეთი ხვდება. ასევე, ბედნიერი ვარ ავსტრიის გამო, რომელმაც ჯგუფში შესანიშნავი ფეხბურთი აჩვენა“, – ამბობს კურანი.
ევრო 2024-ის 1/8-ფინალში საქართველო ნაკრები 30 ივნისს კიოლნში ესპანეთს დაუპირისპირდება. მატჩის ტელერეპორტაჟს საქართველოს პირველი არხი 22:50 საათიდან შემოგთავაზებთ, ხოლო საქართველოს რადიო (FM 102,3) – რადიორეპორტაჟს.