ბელგიელ ნახევარმცველს კევინ დე ბრუინს პირველი იანვრიდან საშუალება ექნება მოლაპარაკებები აწარმოოს ნებისმიერ კლუბთან და გააფორმოს წინასწარი ხელშეკრულებები, რადგან მისი მოქმედი ხელშეკრულება „მანჩესტერ სიტისთან“ 2025 წლის ზაფხულში იწურება.
დღეისთვის დე ბრუინი კვირაში 400 ათას ფუნტს გამოიმუშავებს, რითაც პრემიერლიგის ყველაზე მაღალანაზღაურებადი ფეხბურთელია. მაგრამ „სიტი“ არ განიხილავს ასეთი პირობებით კონტრაქტის გაგრძელებას. TEAMtalk-ის მონაცემებით, ბელგიელი და მისი გარემოცვა უფრო მეტად ახალი გამოწვევისკენ იხრებიან. კერძოდ, ფეხბურთელის ოჯახმა მიიღო გადაწყვეტილება, რომ კარიერის მომდევნო ეტაპი გახდება ამერიკის შეერთებულ შტატებში გადასვლა.
წყაროს ინფორმაციით, ბელგიელმა დაავალა თავის აგენტებს, უარყონ სხვა ქვეყნის კლუბების ყველა შეთავაზება. დე ბრუინზე მთავარ პრეტენდენტებს შორის არიან „ინტერ მაიამი“ და MLS-ის დებიუტანტი „სენ დიეგო“.