კეტრინ ვილბარგერი - საქართველო აკეთებს ყველაფერს, რათა იყოს ალიანსთან ახლოს და ჩვენ გავაგრძელებთ ხელშეწყობას
საქართველო აკეთებს ყველაფერს, რათა იყოს ალიანსთან ახლოს და ჩვენ გავაგრძელებთ ხელშეწყობას, – განაცხადა აშშ-ის თავდაცვის მდივნის თანაშემწემ საერთაშორისო უსაფრთხოების საკითხებში, კეტრინ ვილბარგერმა აშშ-ის წარმომადგენელთა პალატის სამხედრო კომიტეტის მოსმენაზე. მოსმენის თემა იყო აშშ-ის ეროვნული უსაფრთხოების წინაშე არსებული გამოწვევები და აშშ-ის სამხედრო აქტივობები ევროპაში.
კეტრინ ვილბარგერს დემოკრატმა კონგრესმენმა რიკ ლარსენმა შემდეგი შეკითხვით მიმართა: „რუსეთს ოკუპირებული აქვს საქართველოს ორი რეგიონი. ქართველები ძალიან დაინტერესებული არიან ნატო-ში გაწევრიანებით. პირადად მე ამას მხარს ვუჭერ. რა აშფოთებს პენტაგონს ოკუპირებული ტერიტორიების მქონე საქართველოს მსგავსი ქვეყნის ნატო-ში გაწევრიანებასთან დაკავშირებით“.
კეტრინ ვილბარგერმა აღნიშნა, რომ მათ ძალიან მჭიდრო სამუშაო ურთიერთობები აქვთ საქართველოსთან და ის აშშ-ის ერთ-ერთი მთავარი პარტნიორია.
„ვაკეთებთ ყველაფერს, რაც შეგვიძლია, საქართველოს თავდაცვის შესაძლებლობების გასაძლიერებლად, რათა შეძლონ საკუთარი შეიარაღებული ძალების წვრთნა და აღჭურვა. ვფიქრობ, ნატო-ში დაუყოვნებლივ შესვლისთვის ფუნდამენტური გამოწვევა არის მეხუთე მუხლის სცენარი, რადგან საქართველოს ტერიტორიის ოცი პროცენტი ოკუპირებულია. ასე რომ, ეს არის კონკრეტული გამოწვევა. ჩვენ განვიხილავთ წინსვლის შესაძლებლობას. ჩვენ, ალიანსმა უნდა ვიფიქროთ, თუ როგორ მოვაგვაროთ ეს საკითხი. ამჟამად ჩვენ ვაკეთებთ ყველაფერს, რაც შეგვიძლია, რათა მათ მივცეთ სტიმული, დარჩნენ ჩვენთან რაც შეიძლება ახლოს. ისინი ჩვენი ერთ-ერთი მთავარი პარტნიორები არიან. საქართველოს წარმომადგენლებთან შეხვედრა გასულ კვირას მქონდა. ისინი აკეთებენ ყველაფერს, რათა დარჩნენ ახლოს ალიანსთან და ჩვენ გავაგრძელებთ ამის ხელშეწყობას“, – განაცხადა კეტრინ ვილბარგერმა.