კესტუტის ბუდრისი – აზერბაიჯანი ჩვენთვის სამხრეთ კავკასიაში საკვანძო ქვეყანაა, ამავდროულად, აზერბაიჯანის მეშვეობით უფრო ვაძლიერებთ კავშირებს ცენტრალურ აზიასთან
აზერბაიჯანი ჩვენთვის სამხრეთ კავკასიაში საკვანძო ქვეყანაა. ამავდროულად, აზერბაიჯანის მეშვეობით ჩვენ კიდევ უფრო ვაძლიერებთ კავშირებს ცენტრალურ აზიასთან, – ამის შესახებ ლიეტუვის საგარეო საქმეთა მინისტრმა, კესტუტის ბუდრისმა აზერბაიჯანის საგარეო საქმეთა მინისტრთან, ჯეიჰუნ ბაირამოვთან ერთობლივ პრესკონფერენციაზე განაცხადა.
„ამისთვის მნიშვნელოვანია სტაბილური ეკონომიკური გარემო. ჩვენ გვსურს, თავი ავარიდოთ რუსეთის გავლით გამავალ სატრანზიტო მარშრუტებს და გამოვიყენოთ შუა დერეფანი. ამისთვის საჭიროა ინვესტიციები“, – აღნიშნა ლიეტუვის საგარეო უწყების ხელმძღვანელმა.
ბუდრისის თქმით, ახლა უკვე დადასტურებულია, რომ აზერბაიჯანი იქნება მთავარი ქვეყანა, რომელიც ერთმანეთთან დააკავშირებს ცენტრალური აზიისა და სამხრეთ კავკასიის რეგიონებს, უზრუნველყოფს საქონლის ევროპაში ტრანსპორტირებას და ამ პროცესში ევროპასაც დაეხმარება.