კეშ პატელი - ვცდილობთ, გავასაჯაროოთ დოკუმენტები, სადაც „დიფ სთეითის“ აქტორებმა საკუთარი კორუფციული ქმედებები აღწერეს, ფიქრობდნენ, რომ მასალებს ვერავინ იპოვიდა და ტრამპი არასოდეს გახდებოდა პრეზიდენტი
კეშ პატელი - ვცდილობთ, გავასაჯაროოთ დოკუმენტები, სადაც „დიფ სთეითის“ აქტორებმა საკუთარი კორუფციული ქმედებები აღწერეს, ფიქრობდნენ, რომ მასალებს ვერავინ იპოვიდა და ტრამპი არასოდეს გახდებოდა პრეზიდენტი

გამოძიების ფედერალური ბიუროს დირექტორი კეშ პატელი გამოძიების ფედერალური ბიუროს საიდუმლო ოთახში აღმოჩენილი გასაიდუმლოებული დოკუმენტების შესახებ საუბრობს.

„ჩვენ ვკრავთ საქმეს ამერიკული საზოგადოებისთვის „სიმართლისა და გამჭვირვალობისა და პასუხისმგებლიანობის“ ინიციატივის ფარგლებში“, – აღნიშნა პატელმა „ფოქს ნიუსის“ ეთერში.

პატელის თქმით, ამ საქმეზე გამოძიების ფედერალური ბიურო თანამშრომლობს დაზვერვის ცენტრალურ სააგენტოსა და ეროვნული დაზვერვის დეპარტამენტთან.

„ჩვენ ვმუშაობთ მათთან, რადგან დოკუმენტები, რომელიც ამ მასშტაბის გამოძიებას გაამარტივებს, მხოლოდ გამოძიების ფედერალურ ბიუროსა და იუსტიციის სამინისტროში არ ინახება. ისინი ყველა დაზვერვის უწყებაშია. ჩვენ, Russiagate-ზე მომუშავეებმა გამოვავლინეთ ეს და ვცდილობთ, გავასაჯაროოთ დოკუმენტები, რომელთა არსებობაზეც, წლებია, ვიცოდით. ამავდროულად, ჩვენ ახალ მასალებს ვპოულობთ. ასე რომ, საუკეთესო მიდგომაა ამ ინფორმაციის გამოქვეყნება. ეს არის წლების განმავლობაში დაგროვილი დოკუმენტები, რომლებსაც „დიფ სთეითის“ აქტორები ფლობდნენ და რომელშიც მათ საკუთარი კორუფციული ქმედებები დოკუმენტურად აღწერეს. ისინი იმდენად ამპარტავნები იყვნენ, რომ ფიქრობდნენ, ამ მასალებს ვერავინ იპოვიდა და დონალდ ტრამპი არასოდეს გახდებოდა პრეზიდენტი, არ დანიშნავდა კაბინეტს, რომელიც ამ საქმეს საფუძვლიანად გამოიძიებდა.

აი, რა აღმოვაჩინე Russiagate-ის გამოძიების დაწყებისას: რამდენადაც საშინელია დანაშაული, იმდენად მძიმეა მაღალი თანამდებობის პირების მხრიდან კორუფციული ფაქტების დაფარვა. იმ ადამიანების მხრიდან, რომლებმაც ფიცი დადეს, შეესრულებინათ ვალდებულებები და საზოგადოების წინაშე ყოფილიყვნენ ანგარიშვალდებული. ყველაზე მეტად სწორედ მათ დაარღვიეს ნდობა ქვეყნის შიგნით და უნდა მიეცნენ პასუხისგებაში. ამიტომაც იმ ადამიანების სახელები, რომლებიც თქვენ ახსენეთ, მოულოდნელი არ არის. ისინი ამ დოკუმენტებში ფიგურირებენ. ეს დოკუმენტები უკვე საჯაროა და ყოველკვირეულად ქვეყნდება. გასაიდუმლოებული მასალების გამჟღავნება გრძელდება“, – განაცხადა პატელმა.