კეშ პატელი – გასული წლის განმავლობაში აშშ-ის ორ მრავალწლიან მეტოქესთან, ჩინეთთან და რუსეთთან სამართალდამცავ სფეროში ახალი პარტნიორობა ჩამოვაყალიბე

19:15, 05.08.2026

გასული წლის განმავლობაში აშშ-ის ორ მრავალწლიან მეტოქესთან, ჩინეთთან და რუსეთთან სამართალდამცავ სფეროში ახალი პარტნიორობა ჩამოვაყალიბე, – ამის შესახებ გამოძიების ფედერალური ბიუროს დირექტორმა, კეშ პატელმა განაცხადა.

კეშ პატელის განცხადებით, თანამშრომლობის მიზანია ტრანსნაციონალური დანაშაულების წინააღმდეგ ბრძოლა, რაც მოიცავს ფეტალინის კონტრაბანდას, კიბერთაღლითობასა და ბავშვთა სექსუალურ ექსპლუატაციას.

მისივე თქმით, პარტნიორობა ასევე მოიცავს პერსონალის გაცვლას, რომლის ფარგლებშიც ჩინელი სამართალდამცავები აშშ-ს ეწვივნენ, ხოლო გამოძიების ფედერალური ბიუროს აგენტები ჩინეთში საქმეებზე ერთობლივად მუშაობისა და სადაზვერვო მონაცემების გასაზიარებლად გაემგზავრნენ.

გარდა ამისა, ამ შეთანხმების ფარგლებში გამოძიების ფედერალური ბიუროსა და ჩინეთის სამართალდამცავი ორგანოების ოფიცრებმა ერთობლივი რეიდები და დაკავებები განახორციელეს.

გამოძიების ფედერალური ბიუროს ოფიციალური პირების განცხადებით, პატელი ივლისის ბოლოს პეკინიდან დაბრუნდა, ხოლო ანალოგიური ვიზიტი რუსეთში ოქტომბერში იგეგმება.

„როიტერთან“ ექსკლუზიურ ინტერვიუში კეშ პატელმა გამოძიების ფედერალური ბიუროს ინიციატივებს „არატრადიციულ პარტნიორებად“ წოდებულ ქვეყნებთან შერჩევითი და შეზღუდული უწოდა. მისი თქმით, ეს თანამშრომლობა კონკრეტული სახის ტრანსნაციონალურ დანაშაულებს ეხება, როგორებიცაა ბავშვთა პორნოგრაფიის გლობალური ქსელები და კიბერთაღლითობის ცენტრები, რომლებიც ამერიკის მოქალაქეებს აზარალებენ.

„ორივე ახალი და დინამიკური ურთიერთობაა და ჩვენ ძალიან კარგად ვაცნობიერებთ მათ მეტოქეობრივ მიდგომას მრავალ საკითხთან მიმართებით. ისინი გაჩერებას არ აპირებენ, მაგრამ თუკი ჩვენ შეგვიძლია წავიდეთ და ამით ამერიკას გამარჯვება მოვუტანოთ, მაშინ მათთან ურთიერთობა აუცილებელია“, – განაცხადა კეშ პატელმა.

„როიტერის“ ინფორმაციით, ჩინეთთან თანამშრომლობა 2025 წელს აშშ-ის პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის ჩინეთში ვიზიტის შემდეგ დაიწყო, შემდეგ კი მას კეშ პატელის ორი ვიზიტი მოჰყვა.

გამოძიების ფედერალური ბიუროს დირექტორის თქმით, თანამშრომლობა ოთხ ძირითად სფეროში გაფართოვდა, ესენია: კიბერთაღლითობა, ბავშვების წინააღმდეგ ჩადენილი ძალადობრივი დანაშაულები, ნარკოტიკებთან ბრძოლა და ძებნილთა დევნის ოპერატიული ჯგუფი.

რაც შეეხება რუსეთს, მისი თქმით, ბოლო 15 თვის განმავლობაში გამოძიების ფედერალური ბიურო ქვეყანასთან ძალადობრივი საერთაშორისო კრიმინალური ქსელების წინააღმდეგ თანამშრომლობს.

მსგავსი