კერსტი კალიულაიდი - საქართველოს აქვს არჩევანის უფლება, ეს არ მოსწონს რუსეთს და ამიტომ მოქმედებს ისე, რომ ხელი შეუშალოს განვითარებას რეგიონში

ევროკავშირი ვერასდროს გაფართოვდება ეკონომიკური მიზეზით, ის მხოლოდ საერთო ღირებულებების საფუძველზე გაფართოვდება, – ამის შესახებ ესტონეთის პრეზიდენტმა, კერსტი კალიულაიდმა საქართველოს პირველ არხთან ინტერვიუში განაცხადა.

საქართველოს პირველი არხის ჟურნალისტის კითხვაზე – დღევანდელი ევროპის გამოწვევებიდან გამომდინარე, როგორ უნდა გაჩნდეს საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანების პოლიტიკური ნება და რა რეკომენდაციები აქვს საქართველოსთვის, კერსტი კალიულაიდმა განაცხადა, რომ საქართველომ უნდა გააკეთოთ ის, რასაც ევროკავშირის სახელმწიფოები აკეთებენ.

„უნდა გქონდეთ ერთნაირი ღირებულებები, დააკმაყოფილოთ ევროკავშირის ყველა კრიტერიუმი, განავითაროთ თქვენი დემოკრატია. უნდა აჩვენოთ, რომ არჩევნები ყოველთვის თავისუფალი და კონკურენტუნარიანია. თუ ამას გააგრძელებთ, თქვენ აუცილებლად გაწევრიანდებით ევროკავშირში. შეიძლება, გაითვალისწინოთ რეკომენდაციები, მაგალითად არჩევნებთან დაკავშირებით. ევროკავშირი ვერასდროს გაფართოვდება ეკონომიკური მიზეზით. ის მხოლოდ საერთო ღირებულებების საფუძველზე გაფართოვდება. დღე, როდესაც საქართველო შეძლებს თქვას – „ჩვენ ზუსტად თქვენნაირები ვართ, პატივს ვცემთ თავისუფლებებს, ღირებულებებს, ჩვენ ვართ ქვეყანა, სადაც კანონის უზენაესობა დაცულია და ასე უკვე გარკვეული პერიოდია, გრძელდება“, სწორედ ეს მომენტი იქნება. დამატებით, ეს საქართველოს უკეთეს ადგილად აქცევს. ეს მხოლოდ გაწევრიანებისთვის არ უნდა გააკეთოთ. ეს თქვენი ქვეყნისთვის უნდა გააკეთოთ. ეს ღირს ცდად და წარმატებებს გისურვებთ“, – განაცხადა კერსტი კალიულაიდმა.

საქართველოს პირველი არხის ჟურნალისტმა კერსტი კალიულაიდს მიმართა კითხვით, დაეზუსტებინა, რა პოზიცია დააფიქსირა ვლადიმერ პუტინმა, როდესაც კალიულაიდმა მასთან საქართველოს საკითხი დასვა.

„რეალურად არაფერია საინტერესო სათქმელი, რადგან თქვენ ყველაფერი იცით და ყველაფერი გაიგონეთ. ზუსტად ასე იყო ყველაფერი. პოზიციებში აბსოლუტურად არ არის ცვლილება. მე ღრმად გაოცებული ვიქნებოდი, რომ პოზიტიური ცვლილებები ყოფილიყო და ჩემი მოკრძალებული პიროვნება ყოფილიყო პირველი, ვინც ამას გაიგებდა. ჟენევის პროცესის გასაგრძელებლად ძალისხმევა ძალიან მნიშვნელოვანია. საერთაშორისო არენაზე ყველაფერი გამჭვირვალე უნდა იყოს, რომ ჩანდეს, არის თუ არა პოლიტიკური ნება, ეს საკითხი გადაწყდეს“, – აღნიშნა კერსტი კალიულაიდმა.

კითხვაზე – რას ემსახურება რუსეთის აგრესიული ქმედებები საქართველოში, კერძოდ, ოკუპაციითა და ბორდერიზაციით რის ჩვენებას ცდილობს კრემლი, ესტონეთის პრეზიდენტმა აღნიშნა, რომ არ შეიძლება, რუსეთის ქმედებები მხოლოდ საქართველოს კონტექსტში დავინახოთ.

„რუსეთმა მკაფიოდ გვიჩვენა, რომ არ ეთანხმება საერთაშორისო საზოგადოების ღირებულებაზე დაფუძნებულ მოდელს, რომელიც ამბობს, რომ მიუხედავად ზომისა, გეოგრაფიული მდგომარეობისა, ღარიბია ქვეყანა თუ მდიდარი, მას აქვს უფლება, გადაწყვიტოს. საქართველოს, უკრაინას და „აღმოსავლეთ პარტნიორობის“ წევრ სხვა ქვეყნებს აქვთ არჩევანის უფლება, ეს არ მოსწონს რუსეთს და ამიტომ მოქმედებს ისე, რომ ხელი შეუშალოს განვითარებას რეგიონში“, – აღნიშნა კალიულაიდმა.

კითხვაზე, რა არის ის გამოწვევები, რაზე ფოკუსირებაც მართებს საქართველოს მთავრობას და რა მიმართულებებს გამოყოფდა, ესტონეთის პრეზიდენტმა რამდენიმე საკითხზე გაამახვილა ყურადღება.

„დარწმუნებული ვარ, თქვენ გაეცანით ვენეციის კომისიის რეკომენდაციებს იმასთან დაკავშირებით, როგორ უნდა უზრუნველყოთ სამართლიანი და ღია არჩევნების ჩატარება და ასევე უნდა იყოს აღქმული. ასევე, დარწმუნებული ვარ, იცით ევროკავშირში არსებული ეჭვების შესახებ, მედიის თავისუფლებასთან დაკავშირებით. უპირველეს ყოვლისა, ევროკავშირი გაფართოვდება მხოლოდ ღირებულებებზე დაყრდნობით. ეს ეკონომიკური თუ სტრატეგიული მიზეზის გამო არ ხდება. ეს ეჭვები უნდა აღმოვფხვრათ. ეს არის ყველაზე მნიშვნელოვანი ნაბიჯი“, – განაცხადა კერსტი კალიულაიდმა.