კენტი - „მოღალატე“ და „ფაშისტი“ არ არის პოლიტიკური დისკუსიისას გამოსაყენებელი სიტყვები
კენტი - „მოღალატე“ და „ფაშისტი“ არ არის პოლიტიკური დისკუსიისას გამოსაყენებელი სიტყვები

ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო მდივნის თანაშემწის მოადგილე სამხრეთ კავკასიისა და აღმოსავლეთ ევროპის საკითხებში ჯორჯ კენტი “ამერიკის ხმასთან” ინტერვიუში, საქართველოში ყველა მხარეს მოუწოდებს წინასაარჩევნო კამპანიის განმავლობაში ერთმანეთთან საუბრისას ცივილური ტონი გამოიყენოს.

“ვფიქრობ სიტყვები, როგორიცაა “მოღალატე” და “ფაშისტი” არ არის რაციონალური დისკუსიის ნაწილი პოლიტიკური კამპანიის დროს. მიმაჩნია, კანდიდატები ერთმანეთს იდეების და საქართველოსა და ქართველი ხალხის მომავალზე მათი შეხედულებების დონეზე უნდა შეეჯიბრონ. საპრეზიდენტო არჩევნებამდე პერიოდში მედიის როლზე საუბრისას მან განაცხადა, რომ “ნებისმიერ საზოგადოებაში მედიის როლი საზოგადოებისთვის კრიტიკულ საკითხებზე ინფორმაციის გაზიარებაა. ვფიქრობ, კარგია შეხედულებების მრავალფეროვნების ქონა. ეს ნიშნავს იმას, რომ არსებობდეს სხვადასხვა სახის მედია, რომლებიც განსხვავებულ პერსპექტივას, განსხვავებული ფორმის ინფორმაციას აჩვენებს“, – აცხადებს კენტი.

მისივე თქმით, მედიას საზოგადოების ინფორმირებაში დიდი როლი აკისრია.

„მოქალაქეების უფლებაა მედიისგან პროფესიონალიზმი მოითხოვონ. ბევრ ქვეყანაში მედია ხშირად მიმართავს საკუთარ ერთგულებას რომელიმე ფილოსოფიის ან პოლიტიკური პარტიის მიმართ და ეს იმის ნაწილია, რომ გაგებული იქნას, თუ ვის ხელშია მედია და ვისთან არის ის ასოცირებული”, – განაცხადა კენტმა.

რაც შეეხება საქართველოში 28 ოქტომბერს გამართულ საპრეზიდენტო არჩევნებს, კენტი აცხადებს, რომ ამერიკის შეერთებული შტატები იზიარებს ეუთო-ს სადამკვირვებლო მისიის დასკვნას, რომ არჩევნები საერთაშორისო სტანდარტების დაცვით ჩატარდა.

ჯორჯ კენტის თქმით, საქართველოს მოქალაქეებს საშუალება ჰქონდათ ბევრი კანდიდატიდან აერჩიათ მომავალი პრეზიდენტი, რომელთა შორისაც “ორმა უდავოდ მიიღო ყველაზე მეტი მხარდაჭერა, რომლებიც მეორე რაუნდში გადავიდნენ. ამ მეორე რაუნდში ჩვენი მოლოდინი იქნება, არჩევნები კვლავ საერთაშორისო სტანდარტების დაცვით ჩატარდეს და ქართველი ხალხის უფლება – არჩევანი თავისუფლად და შეზღუდვების გარეშე გააკეთოს – დაცული იქნება.”