კენედების ოჯახი ეწინააღმდეგება ტრამპის გეგმას, რომელიც ვაშინგტონში უზარმაზარი თაღის აშენებას ითვალისწინებს
კაპიტოლიუმის შენობა ვაშინგტონში
კენედების ოჯახმა ტრამპის ადმინისტრაციის წინააღმდეგ შეიტანა სარჩელი, რათა ვაშინგტონში 76 მეტრი სიმაღლის ტრიუმფალური თაღის მშენებლობა შეაჩეროს. არლინგტონის ეროვნულ სასაფლაოსთან უზარმაზარი თაღის აღმართვის პროექტს პრეზიდენტი ტრამპი უჭერს მხარს.
10 ნოემბერს, კენედების ოჯახის 9 წევრმა, თაღის მშენებლობის შეჩერების მიზნით, ვაშინგტონის ფედერალურ სასამართლოში შეიტანა სარჩელი. მოსარჩელეთა ერთ-ერთი არგუმენტის თანახმად, თაღი არლინგტონის ეროვნულ სასაფლაოზე დაკრძალული ოჯახის წევრების საფლავების ხედს გადაფარავს.
„პრეზიდენტი დონალდ ჯ. ტრამპი ცდილობს, უკანონოდ აღმართოს უზარმაზარი თაღი, რომელიც სამუდამოდ დაჩრდილავს და დააზიანებს არლინგტონის ეროვნულ სასაფლაოზე კენედების ოჯახის წევრების პატივსაცემად აღმართული ძეგლებისა და მემორიალების ისტორიულად მნიშვნელოვან ხედებს, ისევე როგორც იმ ასიათასობით ამერიკელი გმირის ხსოვნისადმი მიძღვნილი მონუმენტების ხედებს, რომლებმაც, სამსახურებრივი მოვალეობის შესრულებისას, სიცოცხლე გაწირეს“, – ნათქვამია ოჯახის მიერ სასამართლოში წარდგენილ სარჩელში.
ტრამპის განცხადებით, თაღის მშენებლობის დასრულებას ორ წელიწადში, თეთრი სახლის დატოვებამდე გეგმავს. თუმცა, ამ სადავო, ამბიციური მონუმენტის მშენებლობა სამართლებრივი დავების გამო ფერხდება, მათ შორის იმ სარჩელის შედეგად, რომელიც სასამართლოში ომის ვეტერანებმა და კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ორგანიზაციებმა შეიტანეს.
კენედების არგუმენტები
კენედების ოჯახი შეუერთდა მონუმენტის მშენებლობის სხვა მოწინააღმდეგეებს, რომლებიც აცხადებენ, რომ თაღის უზარმაზარი ზომა და მდებარეობა დაამახინჯებს ისეთი ეროვნული ძეგლების იერსახეს, როგორებიცაა ლინკოლნის მემორიალი, არლინგტონის სახლი და რობერტ ე. ლის მემორიალი. მოსარჩელეთა განცხადებით, ეს მასშტაბური მონუმენტი არლინგტონის ეროვნულ სასაფლაოზე გამართული დაკრძალვის ცერემონიების საზეიმო და ამავე დროს სევდიან ატმოსფეროსაც დაარღვევს.
„შემოთავაზებული გიგანტური თაღი არლინგტონის ეროვნული სასაფლაოს ტერიტორიაზე უკანონო შეჭრას წარმოადგენს და შეურაცხყოფს იქ დაკრძალული გმირების ხსოვნას, მათ შორის – ძმები კენედების და ეთელ კენედის ხსოვნას, რომელთა საფლავები და მემორიალები სწორედ ამ ტერიტორიაზე მდებარეობს. ასეთი მასშტაბის ჩარევის ნებართვის გაცემის უფლებამოსილება, კონსტიტუციის თანახმად, მხოლოდ კონგრესს აქვს. დღეს კენედების ოჯახი უერთდება სხვა მოსარჩელეებს, რათა დაიცვას ეს ისტორიული ადგილი, კანონის უზენაესობა და სახელმწიფოში ხელისუფლების დანაწილების პრინციპი“, – განაცხადეს ორგანიზაცია „დემოკრატიის დამცველთა ფონდის“ (Democracy Defender Fund) წევრებმა, ნორმან აიზენმა და სტივ ჯონასმა, რომლებიც სასამართლოში კენედების ოჯახის ინტერესებს იცავენ.
არლინგტონის ეროვნულ სასაფლაოზე დაკრძალულ კენედების ოჯახის წევრებს შორის არიან: პრეზიდენტი ჯონ ფ. კენედი, პირველი ლედი ჟაკლინ კენედი-ონასისი, სენატორი რობერტ ფ. კენედი და მისი მეუღლე ეთელ კენედი, სენატორი ედვარდ მ. კენედი და ვიცე-პოლკოვნიკი ჯოზეფ პ. კენედი უმცროსი.