კენ მაკკალუმი – ბრიტანეთის სადაზვერვო სამსახური უცხო სახელმწიფოების მხრიდან მომდინარე საფრთხეების წინააღმდეგ ბრძოლას მეტ რესურსს უთმობს, ვიდრე „ცივი ომის“ პერიოდში
დიდი ბრიტანეთის სადაზვერვო სამსახური უცხო სახელმწიფოების მხრიდან მომდინარე საფრთხეების წინააღმდეგ ბრძოლას უფრო მეტ რესურსს უთმობს, ვიდრე „ცივი ომის“ პერიოდში. ამის შესახებ MI5-ის (დიდი ბრიტანეთის სადაზვერვო სამსახური) ხელმძღვანელმა, კენ მაკკალუმმა განაცხადა.
მისი თქმით, ბოლო ათ წელიწადში უცხო ქვეყნების მხრიდან მომდინარე საფრთხეები ოთხჯერ გაიზარდა, ხოლო მთავარ საფრთხეს რუსეთი წარმოადგენს.
ლონდონში გამართული ყოველწლიური გამოსვლისას მაკკალუმმა განაცხადა, რომ რუსეთი ჰიბრიდულ ომს აწარმოებს, მაშინ, როდესაც ხელოვნური ინტელექტის განვითარება კიბერუსაფრთხოების სფეროში „თავდამსხმელებსა და დამცველებს შორის დაპირისპირებას“ უფრო ამწვავებს.
ამასთან, MI5-ის ხელმძღვანელმა საზოგადოება ულტრამემარჯვენე ტერორიზმის მზარდი საფრთხის შესახებ გააფრთხილა. მისი თქმით, უწყებამ უკვე გამოავლინა ტერორისტები, რომლებიც ხელოვნური ინტელექტის გამოყენებას ცდილობდნენ, მათ შორის სადაზვერვო ინფორმაციის მოსაპოვებლად და თავდასხმების დასაგეგმად. ამ ტექნოლოგიის გამოყენება დრონებთან ერთად საფრთხეებს უფრო ართულებს.
მაკკალუმის განცხადებით, ხელოვნური ინტელექტის ბოროტად გამოყენების ყველაზე დიდი საფრთხე ექსტრემისტული დაჯგუფებების მიერ აღნიშნული ტექნოლოგიის ახალი და უკვე არსებული ბიოლოგიური იარაღის შესაძლებლობების გასაძლიერებლად გამოყენებაა. მისი თქმით, ეს საფრთხე ჯერჯერობით სრულად არ რეალიზებულა, თუმცა ტექნოლოგიას ვითარების მკვეთრად შეცვლის პოტენციალი აქვს.
MI5-ის ხელმძღვანელმა აღნიშნა, რომ ბოლო წლებში ტერორიზმისა და უცხო ქვეყნების მხრიდან მომდინარე საფრთხეების წინააღმდეგ ბრძოლა თითქმის თანაბარი მასშტაბის გახდა. მისი თქმით, ეს მნიშვნელოვანი ცვლილებაა. მაკკალუმის განცხადებით, რუსეთი ნატო-ს წინააღმდეგ ღია სამხედრო დაპირისპირებას ერიდება და ამის ნაცვლად, ევროპის ქვეყნების დესტაბილიზაციას ცდილობს.
ამასთან, მისივე შეფასებით, უკრაინაში რუსეთის სრულმასშტაბიანი შეჭრისას მიღწეული პროგრესი უმნიშვნელოა და უზარმაზარ მსხვერპლთან არის დაკავშირებული.
ამასთან, მაკკალუმის განცხადებით, ბრიტანეთის წინააღმდეგ მიმართულ ჰიბრიდულ კამპანიას ირანიც აფართოებს. მისი თქმით, ბოლო ერთი წლის განმავლობაში ირანთან დაკავშირებული საქმიანობის გამო 50 ადამიანი დააკავეს. მისივე განმარტებით, ირანის მხრიდან აგრესიული ქმედებების სამიზნე ძირითადად ებრაული თემები იყო, თუმცა საფრთხე უფრო დაცულ ობიექტებსაც, მათ შორის სამხედრო ბაზებსაც შეეხო.
„ისინი, ვინც ბრიტანეთის ქუჩებში ქაოსის გამოწვევას ცდილობენ, იქნებიან ეს დაქირავებული პირები ქვეყნის შიგნით, თუ მათი დამფინანსებლები საზღვარგარეთ, მტკიცე პასუხს მიიღებენ“, – განაცხადა მაკკალუმმა.