კელტური დუელი - უელსმა კაცნაკლული ირლანდია დაამარცხა [ვიდეო]

ექვსი ერის მატჩში უელსმა ირლანდიას უმასპინძლა. კელტების შერკინება დრამატული, მძიმე და საინტერსო შეხვედრა გამოდგა.

ირლანდიელებისთვის პირველი ტაიმი უიღბლოდ დაიწყო და მე-13 წუთზე მოედნიდან ნაკრების ერთ-ერთი წამყვანი მოთამაშე, პიტერ ო’მაჰონი გააძევეს.

ამასთანავე, პირველი ტაიმის პირველ ნახევარში უელსი ორი ჯარიმით დაწინაურდა.

ურთულეს მდგომარეობაში მყოფმა ირლანდიამ ტაიმის მეორე ნახევარში ბრძოლის შესაშური ჟინი გამოავლინა და ჯერ ორი ჯარიმა გაიტანა, შემდეგ კი ლელო დადო და შესვენებაზე გამარჯვებული გავიდა – 6:13.

რიცხვობრივმა უპირატესობამ მაინც თავისი გაიტანა და მეორე ტაიმიდან მატჩის სადავეები უკვე უელსელების ხელში იყო. მეორე ტაიმის პირველ ნახევარში მასპინძლებმა 15 ქულა მოიპოვეს და დაწინაურდნენ.

48-ე წუთზე ირლანდიელების ლელომ თამაშის შემობრუნების ილუზია გააჩინა. თუმცა, მალევე, ლელო უელსელებმაც დადეს და გარდასახვაც ზუსტად შეასრულეს. რამდენიმე წუთში მასპინძლებმა უპირატესობა კიდევ ერთი გატანილი ჯარიმით განიმტკიცეს.

ირლანდია არ ნებდებოდა და ერთი ჯარიმის გატანაც მოახერხა, მაგრამ თამაშის ბედი გადაწყვეტილი იყო და უელსელებმა რიცხვობრივი უპირატესობა საბოლოო ანგარიშით დააფიქსირეს – 21:16.